აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის ლიდერისა და რუსეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც ისინი ნატო-ს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს შემდგომი გაფართოებისგან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

საუბარია არა ნატო-გაფართოებაზე, არამედ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლების პატივისცემაზე, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, სურთ თუ არა ალიანსის წევრობა. ნატო პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ ნატო-ნაწილი გამხდარიყო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ ათწლეულებში ალიანსის გაფართოება იყო დიდი წარმატების ისტორია.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეუერთდნენ ალიანსს, მისი წევრების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, რამაც ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას შეუწყო ხელი. ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანის პატივისცემაზე და არა გავლენის სფეროების დაბრუნებაზე, სადაც დიდი სახელმწიფოები წყვეტენ, რისი გაკეთება შეუძლიათ მცირე სახელმწიფოებს და რისი არა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს პეკინში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის შემდეგ, რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნატო-ს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.