აქტუალური
რუსეთის მმართველი პარტია ბიბილოვის ხელახლა კენჭისყრას მხარს უჭერს

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანი, ანდრეი ტურჩაკი 8 თებერვალს ცხინვალის რეგიონს ესტუმრა, რათა ოკუპირებული რეგიონის მოქმედი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურისთვის 10 აპრილს დაგეგმილ არჩევნებზე მხარდაჭერა გამოეხატა.

იმავე დღეს, რუსეთის მმართველმა პარტიამ და ბიბილოვის „ერთიანმა ოსეთმა“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 8 თებერვალს ასევე გაიმართა „ერთიანი ოსეთის“ ყრილობა, სადაც ცხინვალის ლიდერმა ხელახლა კენჭისყრის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ყრილობაზე გამოსვლისას, ტურჩაკმა ხაზი გაუსვა, რომ ბიბილოვს აქვს სახელმწიფოს მშენებლობის საჭირო გამოცდილება და ცოდნა, კარგი პოტენციალი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების აქტიური განვითარებისთვის, ასევე რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებისთვის.

მისივე თქმით, ბიბილოვმა მოახერხა „სახელმწიფოს პასუხისმგებლიან მეთაურად“ და ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბება, რომელსაც ხალხის პრობლემების მოგვარების უნარი შესწევს.

ამ ფონზე, ტურჩაკმა აღნიშნა, რომ ისეთი ადამიანის არჩევა, რომელსაც მსგავსი გამოცდილება არ ექნება, საზოგადოებაში გახლეჩას, საეჭვო რეფორმების განხორციელებას და საკადრო წმენდას გამოიწვევს.

არჩევნების შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება სამხრეთ ოსეთის ხალხის მომავლისთვის, – წერს საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ტურჩაკის სიტყვებზე დაყრდნობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე გაიმარჯვოს არა პირადმა ამბიციებმა, არამედ საღმა აზრმა და ნამდვილმა მზრუნველობამ სამხრეთ ოსეთის აწყმსოსა და მომავალზე.

ოკუპირებული ცხინვალი „პრეზიდენტს“ ხუთწლიანი ვადით ირჩევს, რომელიც შემდეგ, როგორც „სახელმწიფოს“, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ხდება. პოლიტიკურმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა საკუთარი კანდიდატები 20 თებერვლამდე უნდა დაასახელონ.

ბიბილოვმა 2017 წლის არჩევნებში მაშინდელი ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს ხმების 54.8%-ით მოუგო. ამ უკანასკნელმა კი – ხმების 33.7% მიიღო.

ცხინვალის ჩატარებულ „არჩევნებს“ თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევენ. მას მხოლოდ რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, რომელთაც რეგიონის დამოუკიდებლობა ცნეს.