აქტუალური
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 17 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩია.

23 თებერვლის სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ 13 წევრი და „გახარია – საქართველოსთვის“ ოთხი წევრი. სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ 16 წევრი.

არჩევის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა აღარ გააგრძელა და მიზეზად პარტიებთან კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა დაასახელა.

შემდეგ სხდომებზე თავმჯდომარის მოადგილეები და ხუთი კომისიის თავჯდომარე უნდა აირჩიონ.

ამასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა საკრებულოს აპარატის უფროსმა ვეფხვია რუსიამ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აპარატის უფროსზე მმართველი პარტია ზეწოლას ახდენდა.