პოლიტიკა
გარდაიცვალა აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში

bagapsh2საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ღრმა მწუხარებით იტყობინება, რომ 2011 წლის 29 მაისს მოსკოვში 63 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ვასილის ძე ბაღაფში.

21 მაისს სერგეი ბაღაფშს მოსკოვის 83-ე კლინიკურ საავადმყოფოში მარჯვენა ფილტვზე ვიდეოტორაკოსკოპიული ოპერაცია გაუკეთეს.

ექიმთა განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში ბაღაფშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის ხელოვნურ სუნთქვაზე ჩართეს.

28 მაისს გართულებები გავრცელდა სხვა ორგანოებზე. კომიდან მისი გამოყვანა ექიმებმა ვერ შეძლეს – 29 მაისს, დილით, ბაღაფში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს.

სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში დღეს, 30 მაისს, 11.00-დან 14.00 საათამდე გაიმართება რუსეთის შეიარაღებული ძალების კულტურის ცენტრში (სუვოროვის მოედანი №2).

დაკრძალვა – 2 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში, სადაც დაკრძალული არიან მისი მშობლები.

სერგეი ვასილის ძის ხსოვნის უკვდავყოფა, ალბათ, მისი საქმეების გაგრძელებაა.

სიცოცხლის ბოლო წუთამდე ბაღაფში მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ აფხაზი და ქართველი ხალხი ღირსეულად დაბრუნებულიყო მოძმე ხალხის ერთიანი ოჯახის წიაღში, რომელიც კეთილი ნების ყველა ადამიანს – საქართველოში, აფხაზეთში, რუსეთში – მალე შერიგების იმედს აძლევდა.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივი ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს მის ოჯახს – მეუღლეს – მარინა შონიას, შვილებს – ზურაბს და ლიანას, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს, მთელ აფხაზ ხალხს.