პუბლიკაციები
საქართველო დღეს: ავღანეთის ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი ალავერდაშვილი - ქუჩის მუსიკოსია!

inet_fotoმოდი, ჭადრაკით დავიწყებ, რადგან სწორედ მან შთამაგონა ამ სტრიქონების დაწერა...

ამასწინათ თბილისში ჩვენი დედაქალაქის ხანშიშესულ ომისა და შრომის ვეტერანთა ტრადიციული ტურნირი გაიმართა. ამჯერად ტურნირი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს მიეძღვნა. მისი ოთხი მონაწილე ერთმანეთს შვეიცარიული სისტემით ეჯიბრებოდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები როგორც პირად, ისე ჯგუფურ შემადგენლობაში. რამდენადაც ჭადრაკის შესახებ ჩემი მწირი, თუმცა მცოდნე დამკვირვებელთა მოსაზრებებით გამდიდრებული ცოდნა ამის განსჯის საშუალებას მაძლევს, მაგიდასთან ყველა შერკინებას მედგარი, ზოგჯერ საინტერესო შემოქმედებითი ძიების ხასიათი ჰქონდა, თუმცა, არა – ყოველთვის წარმატებული. ამიტომაც ძველი სამხედროები ემოციებს ოხვრითა და ხვნეშით, თვითგვემის ამსახველი რეპლიკებით გამოხატავდნენ შეცდომის ან უზუსტობის, ხელიდან გაშვებული შანსის, ან უნებლიე დაუდევრობის გამო. მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც ეს ხალხმრავალ პარკში ხდება, სადაც, ჩვეულებრივ, ამ უძველესი თამაშის მოყვარულები იკრიბებიან. და მადლობა ღმერთს, რომ ასეა...

იოლად მიხვდებით, თუ რა მქონდა მხედველობაში, როცა შეიტყობთ, რომ ტურნირის ორი მონაწილე – სერგო აღასიევი და ვახტანგ ბაბუნიძე 87 წლისანი არიან! ორივე დიდი სამამულო ომის მონაწილეა, დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. მათ გარდა, ჭაღარა მოჭადრაკეთა შორის იყვნენ ავღანეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილენიც. 

ახლა კი ორიოდე სიტყვით ამ შეჯიბრის ტექნიკური შედეგების შესახებ მოგახსენებთ. საბოლოოდ ჯგუფურ ბრძოლაში დაწინაურდნენ „აფხაზეთის ომის“ ვეტერანები, რომელთა შემადგენლობაშიც თავი განსაკუთრებულად გამოიჩინეს ზაველი გოგოლიამ და ვლადიმერ გაბედავამ. მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, გავიდნენ ქართველ დღეგრძელთა ასოციაციის გუნდი „სავანე“ და საქართველოში რუსეთის თანამემამულეთა კავშირის ნაკრები „ოტჩიზნა“. პირად ჩათვლაში ყველა უკან ჩამოიტოვა რამინ ჭუბაბრიამ. მეორე ადგილი ერგო გურამ ალავერდაშვილს, რომელიც გამარჯვებულს სულ ერთი ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილზე გავიდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში ლუსია აგაბალიანი. შეჯიბრის ყველა პრიზიორმა უფლება მოიპოვა, მონაწილეობა მიეღო „მესამე“, ხანდაზმული ადამიანების საყოველთაო ქართულ ტურნირში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და ვეტერანთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

თუმცაღა, ალბათ, დროა, ვაღიაროთ, რომ ტურნირის ტექნიკური შედეგები შედარებით ნაკლებად მაინტერესებდა. აქ ხომ, უწინარესად, ვეტერანების ურთიერთობის ზეიმზე მოვედი. ტურნირი ვეტერანთა ამჟამინდელ დუხჭირ ყოფაში, უპირველესად, ნუგეშია, რომელიც, შესაძლოა, უკეთესი წარსულის გახსენების საშუალებას იძლევა... ამასთან, ჭარმაგ ჭადრაკის მოყვარულთა შორის საინტერესო, გამორჩეული ხალხი აღმოჩნდა. მაგალითად, სვეტლანა კალანდარიშვილი – საბჭოთა პერიოდის მრავალი დიდი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, ანდა 87 წლის სერგო სტეფანეს ძე აღასიევი, პოლონეთის განმათავისუფლებელ ბრძოლებში რომ მონაწილეობდა და უკრაინას ბანდერებისგან წმენდდა. მათზე ოდნავ მოგვიანებით უთუოდ გიამბობთ.

ახლა კი შეჯიბრის მეორე პრიზიორს, გადამდგარ ვიცე-პოლკოვნიკ გურამ ალავერდაშვილს გაგაცნობთ.

გურამ გიორგის ძე ჩემი ძველი ნაცნობია. არაჩვეულებრივი მუსიკოსი – საქსოფონისტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სასულე, შემდეგ კი შსს-ის ორკესტრში უკრავდა. ხოლო რაკიღა სატელევიზიო სამხედრო პროგრამაში, რომელსაც იმხანად ვხელმძღვანელობდი, გამუდმებით ჟღერდა ცოცხალი „მილიტარისტული“ მუსიკა, ეს ჩვენი საკმაოდ ხშირი შეხვედრების მიზეზად იქცა. ასე რომ, ჩვენი გულითადი საუბრის ხელისშემშლელი მიზეზი ვერ გამოიძებნებოდა.

– ბატონო გურამ, უსაქმოდ ხომ არ დარჩით, დიდი ხანია, ორკესტრში არ გამოჩენილხართ.

– ალბათ ისევე უსაქმოდ დავრჩი, როგორც სხვა ათასობით ნამდვილი სპეციალისტი, ვინც 40 წლის ასაკს გადააბიჯა. ე. წ. გაახალგზრდავების პროცესი ხომ ჩვენში ხშირად ერთობ გონჯ, კარიკატურულ ფორმებს იძენს. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. საყვირზე ან საქსოფონზე დაკვრას უნაკლო ცოდნა და ჯანმრთელი ფილტვები სჭირდება. ამ მხრივ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი რიგზე მაქვს. ჰოდა, ვერ მივხვდი, რისთვის დავისაჯე ასე.

– თავი რით გაგაქვთ, ნუთუ ჭადრაკით? 

– აბა, რას ამბობთ, ეს მხოლოდ მსოფლიოში სახელგანთქმულ მოჭადრაკეებს შეუძლიათ და არა ჩემნაირ მოყვარულებს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი ჩემი პენსიაა, ისიც გაჭირვებით ჰყოფნის კომუნალური გადასახადების დაფარვას. შიმშილისგან კი ბევრჯერ ვუხსნივარ ჩემს საქსოფონს.

– ეს როგორ?

– დიახ, ახლა ქუჩის მუსიკოსის სტატუსი მაქვს...

– და რას ნიშნავს ეს?!

– შიმშილი რომ შემომიტევს, საქსოფონით ხელში თბილისის უნივერმაღის კიბისკენ მივემართები. ეს, როგორც იცით, რუსთაველის პროსპექტის დასაწყისშია. რამდენიმე საათის განმავლობაში ზოგჯერ 30-40 ლარს ვშოულობ... ჰოდა, ამით ვსულდგმულობთ.

– და როგორი მუსიკა ფასობს ახლა?

– ეს ჩემს ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

– ისევ გამოცანებით ლაპარაკობთ, ბატონო გურამ...

– არავითარი გამოცანები. აი ერთხელ ოდესღაც პოპულარული „ამაპოლო“ დავუკარი (წაიღიღინა) და ჩემ გვერდით ვიღაც ამერიკელი გაჩერდა. გაკვირვებით აზიდა წარბები, –აქაოდა, საიდან აქ ასეთი საოცრებაო, – ცოტა ხანს იდგა, მერე კი თავის გზას ეწია. უმალ ფრენკ სინატრას მელოდია დავაწიე. შედგა, მკვეთრად მობრუნდა და ფეხებთან დაგდებულ ქუდში ათდოლარიანი ბანკნოტი ჩამიდო. გამოდის, კაკალ გულში მომიხვედრებია.

მეორეჯერ სერგეი ესენინის ლექსზე – „ხომ ცოცხალი ხარ, მოხუცო, კვლავაც“, – დაწერილი მელოდია შევასრულე. მსმენელ ქალბატონს თვალზე ცრემლი მოადგა, ჩანთიდან 10 ლარი ამოიღო და წინ დამიდო. შევეცადე, გადამეფიქრებინა, – არ გინდა, ძვირფასო, ალბათ, თავადაც არ გილხინს-მეთქი. მაგრამ თავისი არ დაიშალა – დედაჩემს ძალიან უყვარდა ეს სიმღერა და მისი ხსოვნის პატივსაცემად აიღეთ ეს ფულიო.

ერთხელ, მახსოვს, „ბლატნოი“ ბიჭები მომადგნენ, ჩამაცივდნენ, – „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ დაგვიკარი, ბაბუაჩემო, არ გაწყენინებთო. ვრისკავდი, მაგრამ მაინც უარი ვტკიცე, ღმერთმა არ ქნას, ასე დავეცე.

აქვე შემიძლია გითხრათ, რომ გურამ ალავერდაშვილის რეპერტუარში შოპენის, შუბერტის, ოდესღაც ცნობილი სიმღერების – „სიბონე“, „მონა ლიზა“, „ფლორენციის საღამოები“, „საყვარელი ვალსი“ და სხვა მელოდიებია. შესრულების არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად განსაზღვრავს იმ ადამიანების სულიერ „შიგთავსს“, მისი მოქვითინე საქსოფონის მოსასმენად რომ შეჩერდებიან. ამიტომაც მიაჩნია, რომ მარტო მუსიკოსი კი არა, ფსიქოლოგიცაა. ამიტომაც იღებს თავის ხელოვნებაში ფულს ეს არცთუ მთლად ჩვეულებრივი, უფრო სწორად, სავსებით უჩვეულო ქუჩის მუსიკოსი – მის შვილიშვილებს ძალიან შიათ.

ამასთან, ერთობ მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ავღანეთის ჯოჯოხეთგამოვლილი ვიცე-პოლკოვნიკი, საუცხოო საქსოფონისტი გურამ ალავერდაშვილი იძულებულია, მისი ღირსების ეგოდენ შემლახველი საშუალებით იშოვოს ფული!

გურამ გიორგის ძემ თავისი სანუკვარი ოცნებაც გამანდო: შეკრიბოს ერთხელ ყველა მუსიკოსი, რომლებიც ლუკმაპურს მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ხალხმრავალ ადგილებში შოულობენ, თუნდაც ერთჯერად, მაგრამ მაინც კოლქტივად და საქველმოქმედო კონცერტი გამართოს იმათ დასახმარებლად, ვინც ამას მათზე მეტად საჭიროებს.

ჩემი აზრით, ჩინებული იდეაა. იქნებ ის მდიდარ ბიჭებსაც ჭკუაში დაუჯდეთ და სასიკეთო, ღვთიური საქმისთვის ჯიბეზე ხელი გაიკრან.

აი ასეთი იყო ჩემთვის, საქინფორმის კორესპონდენტისთვის, ვეტერანთა პირველი საჭადრაკო ტურნირი, რომელიც საქართველოს დღეგრძელთა ასოციაციამ ჩაატარა ქალაქის მერიის მხარდაჭერით.

 

გივი ბაქრაძე,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“