პოლიტიკა
პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პოლიტიკოსები აფასებენ

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა.

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

ქვემოთ პრეზიდენტის მოხსენებაზე მხარეთა მოსაზრებებია წარმოდგენილი:

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა [პარიზსა და ბრიუსელში მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ვიზიტი] და, სავარაუდოდ, მართალი თქვა, მაშინ [მას] დაურღვევია კონსტიტუცია, მაგას გავარკვევთ“.

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „ქალბატონი სალომე წარდგა საქართველოს პარლამენტის წინაშე. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი იყო, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით. ერთიანობისა და ერთობის[კენ] მოწოდება არის ძალიან კარგი. თუმცა, ამას აქვს საკმაოდ სკეპტიკური მხარეც. იმიტომ, რომ ჩვენ დღეს საქართველოში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს ვხედავთ. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს. თქვენი გამოსვლის შემდეგ, ქალბატონო სალომე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი, მათი ტელევიზიები ზნეს შეიცვლიან და სხვაგვარად ილაპარაკებენ? აღარ დასვამენ შეკითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წინაშე უკიდურესად დამაზიანებელს, რაც თქვენც აღნიშნეთ? … ამის რაიმე სახის, თუნდაც, 1%-იანი გარანტია გვაქვს? სამწუხაროდ, არ გვაქვს… თუ დღეს ვინმეს თავს ზემოთ ძალა აღმოაჩნდება საიმისოდ, ეს რომ არ გააგრძელონ, არც ჩვენ ვუპასუხებთ… ეს არის სამწუხარო მოცემულობა რა შემთხვევაშიც ჩვენ გვიჭირს იმ ძალიან კარგი მოწოდების გაზიარება, რომ უნდა ვიყოთ ერთიანები… ჩვენ ერთიანები ვართ, ვიქნებით, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები არცერთ ჩვენს მოქალაქესთან, მათ გულმხურვალე მხარდაჭერებთანაც კი…“.

ალუდა ღუდუშაური – ქართული ოცნება: „ვფიქრობ, პრეზიდენტისგან ბევრი დაუსაბუთებელი კრიტიკა და უარგუმენტო პოზიციონირება დავინახეთ, რაც ჩემთვის, პირადად, ძალიან სამწუხარო არის, რომ როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი. მის მიერ გაცხადებული განცხადებები და მასში მოყვანილი ფაქტები, თუ ეს მართლაც რეალობა არის, ბუნებრივია ამას შესწავლა სჭირდება“.

ლევან ბეჟაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მნიშვნელოვანი მოხსენება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტის… [ეს] ნამდვილად კარგი გამოსვლა იყო. ობიექტურად ისეთი ამოცანები იქნა დასახული, რომლებიც ჩვენ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და ოპოზიციამაც. მოვისმინეთ ასევე კრიტიკა, თუმცა შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს, ოპოზიციის კრიტიკის ნაწილში განსაკუთრებით. პრეზიდენტო, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, არა ცოდვებზე საუბარი [და] არა კრიტიკა… თუ ქვეყანა დგას განადგურების საფრთხის წინაშე, სრულიად კარგავს შინაარს ჩვენი ხედვები, რადგან არცერთს არ უწერია განვითარების პერსპექტივა… ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, ერთიანობა იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს ქვეყანას აქვს. ეროვნული თანხმობა მიიღწევა ჩვენი ერთობლივი საქმიანობით…“.

თეონა აქუბარდია – სტრატეგია აღმაშენებელი: „პრეზიდენტის გამოსაფხიზლებელი ცივი შხაპი პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმის, რომ ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ ქვეყანა დგას დაუძლეველი საფრთხეების წინაშე. დღეს, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტი დგას სასწორის აქეთა მხარეს, როდესაც რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი შიდა კინკლაობა, გაუთავებელი დაპირისპირება აზიანებს ქვეყნის ინტერესს“.

იაგო ხვიჩია – ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი: „ფაქტობრივად, სიტყვა, რაც მომზადებული მქონდა, ძირითადი მესიჯები, რაც უნდა მეთქვა, ამ დარბაზში უკვე გაჟღერდა პრეზიდენტის მიერ, რის გამოც, მინდა [მას] მადლობა ვუთხრა. იმედი მაქვს, პრეზიდენტის ამ მწვავე განცხადების შემდეგ, რომელიც თავისი შინაარსით შემრიგებლურია და აქ მყოფ ადამიანებს შერიგებისკენ მოგვიწოდებს, არ იქნება, პირველ რიგში, ქართული ოცნების მიერ ისე აღქმული, რომ პრეზიდენტს ამის გამო „ნაცობა“ დაბრალდეს და ჩვენ ისევ მოვისმინოთ ზოგადად ის ბრალდებები, რომლის საწინააღმდეგოც იყო პრეზიდენტის გამოსვლა“.

მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე: „პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენს პოზიციებთან სრულ თანხვედრაშია. მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტთან ერთად ამ ინიციატივების ასამოქმედებლად“.

გიორგი გახარია - საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი/პარტია საქართველოსთვის: „მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ჩვენ დღეს ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს თვითონ სხვა პლანეტიდან იყოს, ყველაფერზე მაღლა დგას და თვითონ არ არის ნაწილი აქაური პოლიტიკური პროცესების… ეს ადამიანი, ვინც დღეს პოლარიზაციას გმობს და მისთვის ყველა დამნაშავეა, საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავით გარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო და სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. ეს არის ის ადამიანი, ოღონდ საკუთარ თავსა და მის დანაშაულზე ან შეცდომაზე არაფერს არ იძახის“.