აქტუალური
პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა 15 მარტს, 111 ხმით არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

დოკუმენტს ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის, საქართველოსთვის, ლელოს, მოქალაქეების, ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩისა და ევროპელი სოციალისტების დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

რეზოლუციის მიღებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადი წარადგინა.

პარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, რათა საქართველო სათანადოდ მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მთავრობას აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს სატრანსპორტო კავშირებს როგორც ევროკავშირთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებით.

დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ევროკავშირს, ხელი შეუწყონ ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდას, ასევე ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მთავრობას ხელი შეუწყოს უვიზო რეჟიმის „შეუფერხებელ“ ფუნქციონირებას და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში ლეგალურ დასაქმებაში დაეხმაროს.

დოკუმენტი მიმართავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს „გადადგან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების დასაჩქარებლად საჭირო ყველა ნაბიჯი“.

ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს 2020 წელს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ მიღებული ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელ პირებზე გავრცელება.

დოკუმენტის თანახმად, ამგვარი ნაბიჯი ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევისა და მოქალაქეების უკანონო დაკავების შეწყვეტას შეუწყობს ხელს.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს ხელი შეუწყოს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგის სრულფასოვნად განსახორციელებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის შესაბამისად, მისი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების მიზნით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს „დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ საქართველო „რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის საყრდენად რეგიონში“.