აქტუალური
„ლელო“ ინიციატივით გამოდის, სხვა ქვეყნების მსგავსად, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. პარტია „ლელო საქართველოსთვის" ინიციატივით გამოდის, საქართველოს პარლამენტმა, სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას მოუსმინოს.

ინიციატივა „ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.

მინდა წინადადება გავაჟღერო და მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, რომ „ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო", - განაცხადა სამადაშვილმა.

ინიციატივას სალომე სამადაშვილსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.