აქტუალური
რუსმა ბიზნესმენმა შალვა ბრესუმა თბილისში ისტორიული შენობა შეიძინა

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე “მიხაილოვის” ყოფილ საავადმყოფოს ახალი მფლობელი ჰყავს. შენობა და მის გარშემო არსებული მიწა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად შეიძინა შპს “ჰანსმა”, რომელსაც რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი ფლობს. თავდაპირველად ინფორმაცია "ფორმულამ" გაავრცელა.

აუქციონის ჩანაწერების მიხედვით, მასში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა მონაწილეობას და ტერიტორია ერთი ბიჯის შედეგად, 16,020,000 ლარად გაიყიდა.

ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, შალვა ბრეუსი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. მისი ბიოგრაფიის თანახმად, ბრეუსი 1998-1999 წლებში რუსეთის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის ალექსანდრ ლებედის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე იყო. 2003 წლიდან ცელულოზის კომბინატ “ვოლგას” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, შემდგომ კი მისი მესაკუთრეც გახდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყოფილი საავადმყოფოს შენობა საპრივატიზაციოდ 4-ჯერ გამოიტანა, თუმცა არცერთ აუქციონზე არცერთი ინვესტორი მისით არ დაინტერესდა. 2018 წელს შენობის ფასი აუქციონზე 40 მლნ ლარი იყო.

ამჟამად “მიხაილოვის” საავადმყოფოს ტერიტორია მიტოვებული და ამორტიზებულია.

"მიხაილოვის" საავადმყოფოს ტერიტორია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა - 2015 წლის დასაწყისში შენობა შპს “აღმას” გადაეცა. მაშინ ინვესტორს ადგილზე 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, თუმცა საინვესტიციო ვალდებულება არ შესრულდა და სახელმწიფო ქონების სააგენტომ ინვესტორს ტერიტორია ჩამოართვა და ობიექტი ხელახალი პრივატიზაციისთვის მოამზადა.