პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის უზენაესი ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. მგონი კითხვა არ არსებობს საერთოდ, ჩვენ არც ერთი კითხვა არ დაგვიტოვებია პასუხგაუცემელი. ჩვენი მთავრობა მტკიცედ და ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობის ფორმით, ასევე, ეუთოს ფარგლებში, ევროკავშირის, თუ ევროპის საბჭოს ფორმატში, ჩვენ ყველგან მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის და მთავრობის მეთაურისთვის, უზენაესი ინტერესი არის საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის და მთავრობის მეთაურისთვის, უზენაესი ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის თქვენი, ვინც ჩემს პოზიციას არ ეთანხმებით, უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მიწა-წყლის, ჩვენი ქვეყნის დაცვა. ასე რომ, ჩვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯი, გარწმუნებთ, რომ არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და თქვენი, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, სხვა მოტივაცია, სხვა არგუმენტი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

ჩვენ გვახსენდება გმირობის არაერთი მაგალითი ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების, აგვისტოს ომის დროს, უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. ასე რომ, ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, ეს მოღალატეობრივი ჯგუფი და რადიკალური ჯგუფი, დღეს ჩვენ არ უნდა გვასწავლიდეს ჩვენი ქვეყნის სიყვარულს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.