პუბლიკაციები
გია ვოლსკი: საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ქვეყნის საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, არც ერთი ნაბიჯი არ უნდა იყოს უკან გადადგმული და არცერთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული საერთაშორისო პარტნიორების გარეშე.

ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, პროცესები როგორ ვითარდება, რა პოზიცია უკავია ნატო-ს, თავად უკრაინას. ჩვენი და ნატო-ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას ნატო-სთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-არაწევრ ქვეყნებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება. იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას. აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის, ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ ამ თემის. როცა ნატო-წევრობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება, ნატო-წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია ქვეყანამ არ უნდა შეცვალოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია პასუხისმგებლობას არ გრძნობს. აქ ოპოზიციის აზრი მნიშვნელოვანი არ არის, აქ სახელმწიფოებრივი თემებია, რის გამოყენებასაც ოპოზიცია სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. არის საკითხები და არა მხოლოდ ნატო, არამედ რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს. საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.