აქტუალური
რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, რომ იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. „ალბათ, [უკრაინელებს], თავის დროზე უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია, თავიანთი ეკლესიის“, – განაცხადა 25 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გადახდილი პარაკლისის შემდეგ.

რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, რომ იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“, – უთხრა პეზიდენტმა ჟურნალისტებს.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ გაიხსენა და თქვა, რომ დღეს იქ რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი, უკრაინული ერი“.

მანვე საქართველოს მოსახლეობას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ამის გარეშე, ალბათ, არც დამოუკიდებლობის აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი ძლიერი სახელმწიფო“.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა.

საქართველოს ხელმძღვანელი პირებიდან სალომე ზურაბიშვილი პირველია, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატა.

ამ დრომდე, ოფიციალური პოზიცია ჯერ არც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუფიქსირებია. თუმცა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მხარდაჭერა გამოხატეს ცალკეულმა სასულიერო პირებმა.