აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას“, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მინისტრის მრჩეველი ვაჰან კოსტანიანი და მინისტრის ასისტენტი რობერტ აბისოგომონიანი. ქართული მხრიდან კი, შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.