აქტუალური
ნედ პრაისი: საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხდა.

ჟურნალისტმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კითხვა დაუსვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

კითხვაზე, აქვს თუ არა აშშ-ს რამე ინფორმაცია უკრაინის დაზვერვის მხარდასაჭერად და რა შედეგები იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეცდებიან დაეხმარონ ბელარუსს ან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს მჭიდრო კონტაქტის აქვთ საქართველოში თავიანთ კოლეგებთან.

მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ არსებითად ვისაუბრო თქვენს მიერ ნახსენებ ბრალდებებზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე გასულ კვირას, თუმცა ქართველ ხალხს შედარებით კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, მათ შორის რუსეთის მცდელობები, გამოგლიჯოს სუვერენული ტერიტორიები. ჩვენ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაერო-ში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლის დახმარების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებს, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე, აშშ-მა განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ეცდებიან, გვერდი აუარონ აშშ-სა და მისი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც რამე გზით ეცდებიან, მხარი დაუჭირონ კრემლის საომარ ძალისხმევას ფინანსურად ან იარაღის მიწოდებით, დადგებიან შედეგების წინაშე.