პუბლიკაციები
ენმ-ის მხრიდან უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ უკრაინაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შესაძლო პროვოკაციის საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს და 7-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყებაში ასევე განმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება 13 აპრილს დაიწყო და შესაძლო პროვოკაციის თაობაზე უკრაინელ კოლეგებს მეორე დღესვე აცნობეს.

15 აპრილს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ენმ-ის წევრები „გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები“ და რომ „სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ არიან ისინი [უკრაინაში მიმავალ] დელეგაციაში“.

ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ქართული სპეცსამსახურების უკრაინელი კოლეგები ვიზიტის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რათა მიღწეულ იქნას ის მიზანი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო „შემოკრბილ“ პოლიტიკური ძალების გეგმაში „არ ჯდება“.

ბრალდებებს „სასაცილო“ და „წარმოუდგენელი“ უწოდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსგავსი რამ თავში „არავის აზრად არ გაუვლია“.

„შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, არავინ არაფერს არ გეგმავს, ნურაფრის ეშინიათ. კიევიდან რუსული ჯარებიც გასულია, მათი მოკავშირეების, ასე რომ, მათი უსაფრთხოება არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უკრაინის შესაბამისი სამსახურების მხრიდან“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.