პუბლიკაციები
საქართველოსთვის არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი - არესტოვიჩი

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიციებს შეშფოთებით უყურებენ. მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით პირად, არაოფიციალურ პოზიციას აჟღერებს.

"ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი". იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ.

ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს თავი მოაწონოს რუსეთს, მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის" - განაცხადა არესტოვიჩმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

ალექსი არესტოვიჩის განცხადებას პროვოკაციული უწოდა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო „არესტოვიჩის პროვოკაციული განცხადებების მიხედვით ქმედებას არ აპირებს“, ტერიტორიულ მთლიანობას კი მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღადგენს და ეს არის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება.

"მისი განცხადებები მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხვდეს. მისი განცხადებები, რომ შანსი გვაქვს საომარი მოქმედებები გავშალოთ და დავუბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე გამოვიწვიოთ რუსეთის აგრესია. აქედან გამომდინარე, ეს არის პროვოკაციული განცხადებები" - განაცხადა ქადაგიშვილმა.