პოლიტიკა
სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თბილისს სტუმრობს

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, რომელიც თბილისს სტუმრობს, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

პრემიერმა ღარიბაშვილმა არმენ გრიგორიანს უთხრა, რომ საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის.

ამ კონტექსტში, მათ საქართველოს მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის ინიციატივაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანის, აშშ-ისა და ევროკავშირის მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში ნდობის აღდგენისთვის ინიცირებული პლატფორმაა.

პარალელურად, მინისტრ გომელაურთან შეხვედრაზე, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიცაა, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მათ რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმსჯელეს.