აქტუალური
პავლე მცურავიშვილი - მოლდავეთის მიწაზე დაღუპული გორელი მებრძოლი

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ამჯერად გორიდან მივიღეთ წერილი და სატელეფონო ზარი - პატივცემული ადამიანი, ბატონი ანზორ მცურავიშვილი გვატყობინებს თავისი სახელოვანი მამის, პავლე მცურავიშვილის შესახებ. ეს ისტორია ღირს წაკითხვად და ემოციად.

ბატონო გულბაათ!

მივესალმები თქვენს კეთილშობილურ წამოწყებას „დიდი სამამულო“, პირველი ქართულენოვანი ენციკლოპედიის შექმნას, დიდ სამამულო ომში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ.

მინდა მეც გამოვეხმაურო ამ კეთილ წამოწყებას და გაცნობოთ მამაჩემის, პავლე სიმონის ძე მცურავიშვილის შესახებ.

როგორც ცნობილია, მოლდავეთის (ბესარაბია) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა იასა-კიშინოვის ბრძოლები. ამ ტერიტორიაზე იყო სოფელი სარატა-გალბენა. ძმათა სასაფლაოს მემორიალის გახსნაზე იყო მოწვეული ის ხალხი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ომში. ჩემი იქ ჩასვლის შემდეგ გავიგე, რომ მამაჩემი ბრძოლების დროს ტყვედ ჩავარდნილა. შემდეგ ტყვეობიდან გამოქცეულა და იქ მოქმედ პარტიზანებს შეერთებია. შემდეგ ეს პარტიზანები შეუერთდნენ იქ მოქმედ საბჭოთა სამხედრო ნაწილებს, რომლებმაც გაათავისუფლეს სოფელი სარატა-გალბენა და სხვა სოფლები.

ამის შესახებ მიამბეს იქ მოწვეულმა სტუმრებმა, პარტიზანების შტაბის უფროსმა და აზერბაიჯანული პოლკის უფროსმა. უნდა აღინიშნოს სოფლის მცხოვრებთა კეთილი განწყობა სტუმრებისადმი , რომლებიც დიდ მადლობას გვიცხადებდნენ მათი განმათავისუფლებელი ჯარისკაცების   არდავიწყების გამო.

დაახლოებით ასეთივე კარგი საქმე წამოიწყო გორის საპატიო მოქალაქემ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრმა ვახტანგ ჭანკოტაძემ, რომელმაც გამოსცა წიგნები, სადაც გვიყვება იმ გორელებზე, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში.

ერთ-ერთ წიგნში მოთხრობილია მამაჩემის შესახებ. გიგზავნით ამ ნაწყვეტის ასლს და გთხოვთ, გამოაქვეყნოთ.

პატივისცემით,
ანზორ მცურავიშვილი

დიდი სიამოვნებით ვასრულებ ბატონი ანზორის თხოვნას და მადლობას ვუხდი მას, ღირსეული მამის ღირსეულ შვილს, რომ თაობებს გადასცემს ხსოვნას წმინდა ომის შესახებ! მასალა გამოქვეყნებულია პორტალზე „დიდი სამამულო“. ჩემი მხრივ, ტრადიციულად, თხოვნით მივმართავ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მესვეურებს, ამ პოპულარულ გამოცემაშიც გამოქვეყნდეს ბატონი ანზორის წერილი და ბატონი ვახტანგ ჭანკოტაძის მოგონება პავლე მცურავიშვილზე - მშვიდობიან, მშრომელ ქართველზე, რომელმაც ომის დროს თავდაუზოგავად იომა და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს თავისუფლებას, კაცობრიობის ხსნას ფაშიზმისაგან.

გულბაათ რცხილაძე