პოლიტიკა
ქართული დივიზიები წითელი არმიის შემადგენლობაში დიდი სამამულო ომის დროს

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. მუშურ-გლეხური წითელი არმიის შემადგენლობაში ჯერ კიდევ დიდ სამამულო ომამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები მათი პირადი შემადგენლობის ეროვნული კუთვნილების ნიშნით. საქართველოში ასეთი სამხედრო ფორმირებები წითელი არმიის შიგნით 1922 წლიდან მოყოლებული იქმნებოდა. 1938 წელს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა 7 მარტის სპეციალური დადგენილებით გააუქმა ეროვნული შენაერთები და მოხდა წითელი არმიის უნიფიკაცია - დაწესდა ჯარში გაწვევა ეროვნულ-ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინების გარეშე.

მაგრამ ვითარება შეიცვალა დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც 1941 წლის სამხედრო წარუმატებლობების ფონზე საჭირო გახდა მატერიალურ-ადამიანური რესურსების უფრო სწრაფი და ეფექტური მობილიზება. პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ ეროვნული საჯარისო ნაწილების შექმნის პრაქტიკა განაახლა.

პირველი ასეთი შენაერთი გახდა ლატვიის 201-ე მსროლელი დივიზია, რომელიც 1941 წლის 3 აგვისტოს, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის (ГКО) სპეციალური გადაწყვეტილებით შეიქმნა. სახელწოდების შესაბამისად, დივიზია ლატვიის სსრ მცხოვრებლებით (90%-ით) დაკომპლექტდა. რაც დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებით საინტერესოა, 201-ე დივიზია 70%-ით მოხალისეებისგან შედგებოდა და დივიზიის მებრძოლთა 51% ეროვნებით ლატვიელი იყო, რუსების წილი 26%-ს შეადგენდა, 17%-ებრაელები იყვნენ, 3% -პოლონელები, 6% -სხვა ეროვნებების წარმომადგენლები. ლატვიური დივიზია თავიდანვე ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებდა - 1941 წლის დეკემბერში მისმა მებრძოლებმა მოსკოვიდან 70 კმ-ის მანძილზე 23 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ომის შემდგომ ეტაპზე კი უშუალოდ ლატვიის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ამ წარმატებებისა და გმირული ქმედებების გამო, ლატვიის დივიზია 43-ე საგვარდიო დივიზიად გადაკეთდა და მას საპატიო სახელი „რიგის“ («Рижская») ეწოდა. ეს ფაქტი ეჭვს ქვეშ აყენებს თანამედროვე ლატვიის ხელისუფალთა დარწმუნებულობას იმაში, რომ ლატვია, სხვა ბალტიისპირა რესპუბლიკებთან ერთად, სტალინის საბჭოეთის მიერ 1940 წელს უაპელაციოდ, ცალსახად ლატვიელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იქნა ოკუპირებული.

ლატვიურ დივიზიას მალე სხვა რესპუბლიკების ეროვნული შენაერთების შექმნა მოჰყვა. ჯამში სულ 11 მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკის ბაზაზე გაკეთდა ასეთი სამხედრო ფორმირებები.

ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ეროვნული დივიზიების შექმნა 1941 წლის დეკემბერში დაიწყო. თავდაპირველად ჩამოყალიბდა 89-ე სომხური მსროლელი დივიზია. თვენახევარში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის 1942 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, დაწყებულ იქნა 223-ე და 402-ე აზერბაიჯანული, 392-ე და 406-ე ქართული, 408-ე სომხური დივიზიების ჩამოყალიბება. კიდევ ერთი თვის შემდეგ დაიწყეს 414-ე ქართული და 416-ე აზერბაიჯანული მსროლელი დივიზიების ფორმირება. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს - შემდგომში ამავე სახელწოდების ფრონტს, არმიის გენერალი ი. ტიულენევი სარდლობდა.

იმავე 1942 წლის შემოდგომაზე, როდესაც კავკასიისთვის ბრძოლები გაცხარდა, ოთხი მსროლელი დივიზია, რომელთაც დიდი დანაკარგები განიცადეს, შეივსო „ეროვნული ნიშნით“ («по национальному признаку») - პირდაპირ ასე ეწერა ამიერკავკასიის ფრონტის სარდლობის ბრძანებაში. ეს დივიზიები იყო: 77-ე აზერბაიჯანული, 261-ე სომხური, 276-ე და 349-ე ქართული. 1943 წლის ზაფხულში ძირითადად რეზერვიდან გაწვეული ქართველებით დაკომპლექტდა 296-ე მსროლელი დივიზია.

დანაკარგების შესავსებად რესპუბლიკებში შეიქმნა სარეზერვო პოლკებისა და ბატალიონების ქსელი, რომლებშიც სამხედრო ვალდებულები და წვევამდელები გადიოდნენ მომზადებას თავიანთი სპეციალობებით (მსროლელები, მეტყვიამფრქვევები, ნაღმმტყორცნელები, მეკავშირეები და სხვები). მომზადების ასეთი სისტემა ითვალისწინებდა ეროვნულ ტრადიციებსა და ჩვეულებებს, საშუალებას აძლევდა მომავალ მებრძოლებს, შეგუებოდნენ საომარი ვითარების მკაცრ პირობებს, არსებითად ძლიერდებოდა ჯარისკაცების შეკრულობა, შენაერთების სამხედრო ურთიერთშეწყობილობა. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, იქმნებოდა პირობები იმისათვის, რომ გაწვეულებს გაღვიძებოდათ იმ თანამემამულეებით სიამაყე, რომელთაც ბრძოლის ველზე თავი გამოიჩინეს. ეროვნული სამხედრო ფორმირებების მნიშვნელობა საბრძოლო მოქმედებების დროს ისე გაიზარდა, რომ 1944 წლის 1-ლი თებერვლის სსრკ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის ძალით, ყოველ მოკავშირე რესპუბლიკას ეძლეოდა უფლება, ჰყოლოდა თავისი სამხედრო დანაყოფები.

სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში არავინ იხსენებს ამ ფაქტს და სკოლის მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს მხოლოდ გერმანული ვერმახტის რიგებში მებრძოლ რამდენიმე ათას ქართველზე ელაპარაკებიან.

მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ ამიერკავკასიის ახალგაზრდობის იმ ნაწილის სამხედრო და ზოგადი მომზადების დონე, რომელთაც მომზადება 1938 წლამდე ეროვნულ დივიზიებში გაიარეს, არ იყო მაღალი (თანაც, ამ ეროვნულ შენაერთებს არ ჰქონდათ დიდი რაოდენობის კადრების მომზადების რესურსები). 1938 წლის საყოველთაო, ექსტერიტორიული გაწვევის შემოღების შემდეგ, ამიერკავკასიელები ძირითადად სსრკ-ის ევროპულ ნაწილში, დასავლეთით, მიჰყავდათ. ამან დადებითად იმოქმედა 1938 წლის შემდეგ გაწვეული კადრების მომზადების დონეზე. ეს ყველაფერი ომის მსვლელობამ აჩვენა (იხ. წყარო).

ომის დროინდელ ეროვნულ შენაერთებთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სამხედრო შენაერთების არსებობა სულაც არ ნიშნავდა მათი შემადგენლობის მონოეთნიკურობას, ასევე არ იყვნენ მიბმულნი ამა თუ იმ რეგიონზე, საბრძოლო დავალებებს ისინი სხვადასხვა ფრონტებზე, ასრულებდნენ. ასე მაგალითად, 9-ე სამთო დივიზია, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სახელს ატარებდა, იყო ე. წ. პლასტუნთა ანუ ქვეით კაზაკთა სამხედრო გაერთიანება. მე-9 დივიზია საქართველოს ტერიტორიაზე (ბათუმში, აფხაზეთში, თბილისში) იყო დისლოცირებული და მასზე შეფობა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს ჰქონდა აღებული. ეროვნული დივიზიები შედიოდნენ სსრკ შეიარაღებული ძალების სხვადასხვა არმიების დაქვემდებარებაში და მათი სარდლები და მეთაურები არ იყვნენ შერჩეულნი მაინცადამაინც ეთნიკური კუთვნილების ნიშნით.

გავეცნოთ ქართული დივიზიების ძირითადი ნაწილს:

1. წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი, მ. ფრუნზეს სახელობის 63-ე სამთო-მსროლელი (ქართული) დივიზია 1941 წლის სექტემბერში სომხეთიდან ირანის ტერიტორიაზე შეიყვანეს, იმავე წლის 25 დეკემბრიდან კი საბჭოთა-გერმანულ ფრონტზე გადაიყვანეს. 44-ე არმიის შემადგენლობაში შესული დივიზია 28-29 დეკემბერს ნოვოროსიისკიდან ყირიმში, ფეოდოსიასთან გადასხდა. დივიზიის უდიდესი ნაწილი დაიღუპა ქერჩის ნახევარკუნძულზე 1942 წლის მაისში. დივიზია დაშლილად გამოცხადდა 1942 წლის 14 ივნისიდან.

2. 47-ე წითელი დროშის მფლობელი, ამხანაგ სტალინის სახელობის სამთო-მსროლელი ქართული დივიზია. 1941 წლის 22 ივნისისთვის იდგა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში და შედიოდა 46-ე არმიის შემადგენლობაში. 1941 წლის სექტემბერში დივიზია გადაისროლეს საბჭოთა-გერმანული ფრონტის სამხრეთ სექტორზე, აღმოსავლეთ უკრაინაში.

უმაღლესმა მთავარსარდლობამ უკრაინაში გადასროლილი დივიზია 19 სექტემბერს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის 38-ე არმიის შემადგენლობაში გადაიყვანა. დივიზია ძირითადად გამოუცდელი ჯერისკაცებისგან შედგებოდა, რომლებიც ომამდელი განაწესებით ხელმძღვანელობდნენ. ამ მიზეზით მათ რიგებში დანაკარგები მნიშვნელოვანი იყო. დივიზიამ დიდი მარცხი ქ. პოლტავასთან განიცადა და ხელმძღვანელობამ იგი რეზერვში გადაიყვანა. დივიზიის დაშლა მოხდა 1942 წლის 30 ივნისს.

3. 392-ე მსროლელი დივიზია. ჩამოყალიბდა 1941 წლის აგვისტოში ამიერკავკასიის ფრონტის 37-ე არმიის შემადგენლობაში. 1942 წლის ივლისამდე დივიზია გორში იდგა (46-ე არმია -ამიერიკავკასიის ფრონტი).

მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ საბჭოთა თავდაცვა გაარღვია მდ. დონზე და სწრაფ ტემპში დაიძრა კავკასიისაკენ, 1942 წლის 30 ივლისს დივიზიამ მიიღო ბრძანება ჩრდილოეთ ოსეთში, ელხოტოვოს მიდამოებში გადასვლასთან დაკავშირებით, სადაც გერმანული არმიები საბჭოთა ძალებმა საბოლოო ჯამში შეაჩერეს კიდეც. 6 აგვისტოს დივიზია ჩართეს მე-9 არმიის რიგებში (ამიერკავკასიის ფრონტი). დაცვის ხაზი მდინარეებზე - თერგსა და ურუხზე გადიოდა. 10 აგვისტოს ძალების მობილიზება მოხდა ელხოტოვოს რაიონში. პოლკები თავდაცვით ნაგებობებს აშენებდნენ. ამასთან, მიმდინარეობდა დივიზიის მომარაგება არტილერიით.

21 აგვისტოდან 392-ე მსროლელი დივიზია ამიერკავკასიის ფრონტის 37-ე არმიაში შევიდა და, ბრძანების თანახმად, თავდაცვითი ზღუდეებიდან ჩრდილოეთით, პრიშიბსკაიასა და კოტლიარევსკაიას რაიონებში გადაინაცვლა. ეს მოხდა მე-9 და 37-ე არმიებს შორის წარმოშობილი ვაკუუმის შესავსებად. დივიზია ჩრდ. კავკასიაში 4 ნოემბრამდე იბრძოდა, შემდეგ კი ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ზუგდიდში გადაყვანის შესახებ.

ეს ბრძანება შესრულდა კავკასიონის მთავარი ქედის გადმოკვეთით, დონღუზ-ორღუნ-ბაშის მიდამოებში. ამ მომენტისთვის დივიზიაში 5600 კაცი ირიცხებოდა, მათ თან 1610 ცხენი ჰყავდათ და 43 ქვემეხი, 10 ტყვიამფრქვევი, 69 ნაღმმტყორცნი, 2 ტანკი, 64 ავტომანქანა მოჰქონდათ. 6 ნოემბერს დივიზია მარშით დაიძრა უღელტეხილისკენ და თან წაიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მათი საქონელი, უკან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტები გაანადგურა, რათა მტერს არ ესარგებლა. იალბუზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ზამთარი იყო გამეფებული და დივიზიამ ურთულეს პირობებში მოახერხა ქედის გადალახვა, სულ 145 კმ დათოვლილი მთიანი ბილიკები. მარში 21 ნოემბერს დასრულდა. შედეგად, გადარჩენილ იქნა 28 ათასი სული საქონელი, 12 ტონა მოლიბდენი (ტირნაუზის მოლიბდენის კომბინატიდან წამოღებული). დივიზიის პოლკები განლაგდნენ გალში, კოხოთში, ორსანტიაში და გაძლიერდნენ ადამიანური და მატერიალური რესურსებით.

1942 წლის დეკემბერში დივიზიამ თავდაცვითი პოზიციები დაიკავა შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის მიდამოებში, 45-ე არმიის რიგებში, სადაც მე-9 სამთო-მსროლელი დივიზია ჩაანაცვლა. 392-ე დივიზია ამიერკავკასიის რეზერვში დარჩა და 1947 წელს არსებობა შეწყვიტა, როდესაც შეუერთდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს.

4. 406-ე მსროლელი დივიზია. შეიქმნა 1941 წლის სექტემბერში და აწარმოებდა საბჭოეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას. 1942 წლის 17-28 იანვრისა და 15 მაისი-10 დეკემბრის პერიოდში იბრძოდა ჩრდილო კავკასიაში, 46-ე არმიის შემადგენლობაში. შემდგომ გადაყვანილ იქნა ახალქალაქში, 45-ე არმიის მე-12 მსროლელ კორპუსში. დაიშალა 1946 წელს. დივიზიას 1941 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1942 წლის 9 თებერვლამდე მეთაურობდა პოლკოვნიკი პიოტრ პლეხოვი, 1942 წლის 10 თებერვლიდან იმავე წლის 8 ოქტომბრამდე კი პოლკოვნიკი გიორგი ყუფარაძე.

5. ანაპის 414-ე მსროლელი დივიზია ჩამოყალიბდა 1942 წლის გაზაფხულზე, დაღისტნის ტერიტორიაზე. დივიზიის პირველი მეთაური პოდპოლკოვნიკი ივანე ქანთარია იყო. 1942 წლის შემოდგომისთვის დივიზია 11572 მებრძოლს ითვლიდა (სრულ შემადგენლობას აკლდა 47 კაცი საშუალო სამეთაურო შემადგენლობიდან და 800 კაცი სასერჟანტო შემადგენლობიდან), მათგან 10401 ეროვნებით ქართველი იყო, 483-რუსი, 147-უკრაინელი, 88-სომეხი, 41-აზერბაიჯანელი, 321-ოსი და სხვ. ანაპის დივიზია ქართული დივიზიებიდან ყველაზე უფრო სახელოვანია. იგი წითელი დროშის მფლობელი (краснознамённая) გახდა.

1942 წელს ჩამოყალიბებულმა 414-ე დივიზიამ საბრძოლო მომზადების დაჩქარებული კურსი გაიარეს და უმალ ჩაერთვნენ ფაშისტებთან ბრძოლაში თერგიდან მოყოლებული, ყუბანამდე და ტამანის ნახევარკუნძულამდე. დივიზიის 80 პროცენტამდე დაჭრილ-დახოცილია იშჩერსკაიას, ტომოზოვოსა და მოზდოკისთვის გამართულ ბრძოლებში. 1943 წელს დივიზიის მებრძოლებმა გმირული მამაცობა გამოიჩინეს შავიზღვისპირა ქალაქ ანაპის გათავისუფლებსას და მას სწორედ ამ ფაქტის დასაფასებლად ეწოდა „ანაპის დივიზია“.

1944 წელს ზღვისპირა არმიის შემადგენლობაში ქართული დივიზია ყირიმისა და ქ. სევასტოპოლის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. ანაპის 414-ე წითელი დროშისორდენოსანი მსროლელი დივიზიის 1371-ე პოლკმა თავი ამ ბრძოლებში იმდენად გამოიჩინა, რომ მას „სევასტოპოლის პოლკი“ ეწოდა.

ანაპის დივიზიას მეთაურობდა პოლკოვნიკი გიორგი გაბრიელის ძე ყურაშვილი, რომელიც 1943 წლის 25 ოქტომბერს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა (ყურაშვილმა 1944 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიიღო). დივიზიის არტილერიას მეთაურობდა პოდპოლკოვნიკი ნიკოლაი გლაზუნოვი, იგი 1944 წლის იანვარში წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.

ქალაქ ანაპაში დღესაც სათუთად ინახავენ ქართველი მეომრების ხსოვნას. აი რას წერს ანაპელი ბლოგერი ქალაქის ვებ-გვერდზე:

„ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ მეომრების გვარებისა, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ანაპის გათავისუფლებაში. მათი ხსოვნა საუკუნეების მანძილზე უნდა დარჩეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ მათი სახელები. მინდა, ყველა მათ ვუთხრა - მადლობა!“ - და შემდეგ, ქართულ გვარებს ჩამოთვლის მათი დამსახურებების და გმირული საქციელის აღწერით. ანაპისა და მისი შემოგარენის გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს და „წითელი ვარსკვლავის“, „საბრძოლო სიმამაცისთვის“, „საბრძოლო დამსახურებებისთვის“ ორდენებით და მედლებით სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ:

კალისტრატე მანაგაძე - პოდპოლკოვნიკი

შალვა ხახნელიძე - უფრ. ლეიტენანტი

ალექსანდრე ხარატიშვილი - კაპიტანი

ნიკოლოზ ვაშაკიძე - ოცმეთაური

მიხეილ გომელაური - ოცმეთაური

უშანგი კვარაცხელია - ოცმეთაური

ლავროსი კვაჭაძე - ოცმეთაური

ვლადიმერ ლომიძე - ოცმეთაური

სიმონ (Самеон-?) ხარბედია - ოცმეთაური

ავთანდილ წიქორიძე - მე-7 მსროლელი რაზმის მეთაური

ივან ანიშჩენკო - მსროლელი-მზვერავი

ვლადიმერ იორდანაშვილი - მსროლელი-მზვერავი

ივანე შაშიაშვილი - მსროლელი-მზვერავი

შალვა ანტონიძე - სერჟანტი

ზაქარ ოტიაშვილი - მსროლელი

მიხეილ ალადაშვილი - უფრ. ლეიტენანტი

მელიტონ ბახტურიძე - დამმიზნებელი

ალექსანდრე გორთველაშვილი - სერჟანტი

აგაბო კოველაძე - ლეიტენანტი

მიხეილ პაპიანი - დამმიზნებელი

ვახტანგ თედმაშვილი - სერჟანტი

ალექსანდრე გორგაძე - ტელეფონისტი

კაპიტონ გახარია (Гохария Капитан-?) - სერჟანტი

იასონ მჭედლიძე (ჭელიძე-? Мчелидзе Ясон) - უფრ. სერჟანტი

ლეონ მაღრაძე - უფრ. ლეიტენანტი

შოთა ფანჩულიძე - ტელეფონისტი

აბესალომ სამხარაძე

გიორგი ბურძგლა - სერჟანტი

შალვა ბუჩუკური - მსროლელი-მზვერავი

დავით როსტიაშვილი - მსროლელი-მზვერავი

მიხეილ გაფრინდაშვილი - უფრ. სერჟანტი

შალვა ოტიაშვილი - უმცრ. სერჟანტი

თეიმურაზ ფიჩხნარაშვილი - სერჟანტი

მინა გორაძე

სიმონ ხელაძე (Халадзе-? Семён) - სერჟანტი

ვასილი ბუჩუკური - სტარშინა

რუბენ კოჩაშვილი - სერჟანტი

ალექსანდრე მეტრეველი - კავალერისტი, მზვერავი

პიოტრ სოროკინი - ფეხოსანი დაზვერვა

ივანე ადამაშვილი - უმცრ. სერჟანტი

არტაშ ალთუნაშვილი - უმცრ. სერჟანტი

ნიკოლოზ ბლიაძე (Блнадзе-?) - უფრ. სერჟანტი,

გიორგი გეგიძე - სერჟანტი

სანდრო გაბედაური - უმცრ. სერჟანტი

გიორგი ზარიაშვილი - ეფრეიტორი

დიმიტრი მშვიდობაძე - სერჟანტი

მუჰამადიარ ხაირულინი - უმცრ. სერჟანტი

ვლადიმერ ფილიშვილი - ეფრეიტორი

გიორგი სტეპანენკო - სტარშინა

გრიგოლ წიკლაური - სერჟანტი

იოსებ შავიკაციშვილი - უფრ. სერჟანტი

გრიგოლ შარიქაძე

ვასილი არევაძე

ვლადიმერ ბოლქვაძე - სტარშინა

ვასილი ბოჩკინი

სურენ ჯანეზაშვილი - სერჟანტი

ირაკლი დვალი - სტარშინა

ბაგრატ ძირაქაშვილი - ეფრეიტორი

არჩილ დემეტრაშვილი - უმცრ. სერჟანტი

პოლიკარპე კაშია - სერჟანტი

აკაკი მაღალაშვილი (Магарашвили Акака-?) - უფრ. სერჟანტი

მიხეილ ოქიტაშვილი - სერჟანტი

ივანე რუხაძე - სერჟანტი.

როგორც აღვნიშნეთ, ანაპის დივიზიამ დიდი წვლილი შეიტანა ყირიმისა და ქ. სევასტოპოლის გათავისუფლებაშიც. სევასტოპოლთან ახლოს მდებარეობს დივიზიის საძმო სასაფლაო და ასევე ობელისკი, რომელიც გარემონტებას საჭიროებს და ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლება, ყირიმის ქართველების სათვისტომოსთან ერთად მსჯელობს.