პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარლამენტარები გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ბუჩუკური ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის - მწვავე პოლიტიკურ პოლარიზაციას.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის იდეის გარშემო საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების აუცილებლობას და ისაუბრა ამ მიმართულებით იმ არაერთ შეთავაზებაზე, რომელიც პარტიამ „საქართველოსთვის“ წარუდგინა საქართველოს ხელისუფლებას.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და კრემლის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს ერთიანობის მნიშვნელობასა და შენარჩუნებაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შორის ერთიანი კოორდინირებული მექანიზმის შექმნა და მისი გაძლიერების მნიშვნელობა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ევროპარლამენტარს გაუზიარა პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და პარტიის გეგმები გააცნო.

გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელს, ლუკ დევინსაც შეხვდა.