პუბლიკაციები
ივანიშვილს ევროპარლამენტის რეზოლუცია ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს - კობახიძე

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვასაც შეიცავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნის ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს“. მისი თქმით, ასეთ რეზოლუციას "ჩალის ფასი აქვს".

ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე, წინა ხელისუფლებასთან ამჟამინდელი ხელისუფლების უპირატესობის შესადარებლად, მაგალითები მოიყვანა, რომლებიც, მისი განცხადებით, რეზოლუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოს მოწმობს. კობახიძე შეეხო მედიაში, სასამართლოში, პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას, ოკუპაციის საკითხს და ევროინტეგრაციის მიმართულებით „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„ეს არის იმ მიღწევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ. ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, შესაძლოა იყოს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა.

„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა. თუმცა, რაც არ მოსწონთ კრიმინალების მფარველებს, მოსწონს ქართველ ხალხს - ეს არის მშვიდობა, სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური განვითარება. ვისაც ეს არ მოსწონს, საქართველოს მეგობრად და კეთილმოსურნედ ნამდვილად ვერ იწოდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი სიტყვებით, დანარჩენს ევროკავშირის სტრუქტურები განსჯიან და მათ დასკვნებს დაელოდებიან.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს, რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს უყარა კენჭი.

მასში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“

შესწორებაში ასევე „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ “ და იქვე მოწოდებულია ივანიშვილისადმი პერსონალური სანქციების დაწესების განხილვა საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.

დამატების პირველი ნაწილი ხელის აწევით, მეორე ნაწილი კი, რომელშიც ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვისკენ არის მოწოდება, 308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ მიიღო ევროპარლამენტმა.

რეზოლუცია კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.

რეზოლუციაში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი. რეზოლუცია ეხება პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც.

ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

საგულისხმოა, რომ რეზოლუციის კენჭისყრა დაახლოებით ერთი კვირით უსწრებს ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით რეკომენდაციების წარდგენის თარიღს.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს გააკეთა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველოსთან ერთად, 3 მარტს, წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ. მანამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ.

ევროკომისია მუშაობს განაცხადების შესახებ რეკომენდაციებზე. რეკომენდაციები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ევროკომისია რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნის. მათი გათვალისწინებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ სტატუსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

წყარო: რადიო თავისუფლება