უცხოეთი
უკრაინაში მიიღეს კანონი, რომელიც მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსულ მუსიკას კრძალავს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე მათ ტრანსლირებას მედიასა და ტრანსპორტში.

კანონი კრძალავს მუსიკალური ნაწარმოებების, მათ შორის მუსიკალური კლიპების საჯარო შესრულებას და მაუწყებლობას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ.

ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმა დაეკისრებათ.

აღნიშნული კანონი არ იმოქმედებს იმ შემსრულებლებზე, რომლებმაც დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ მოხვდნენ გამონაკლისების სიაში, მათ შორის ჩაატარონ გასტროლები უკრაინაში, კანონპროექტი არტისტებს ან მათ წარმომადგენლებს ავალდებულებს შესაბამისი განაცხადი წარუდგინონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, დადგენილი ფორმით.

განცხადებასთან ერთად, მუსიკალური სფეროს წარმომადგენლებმა ხელი უნდა მოაწერონ დეკლარაციას აგრესიის დაგმობისა და ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

1tv.ge