საზოგადოება
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ კიევში პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ადგილობრივთან ერთად, უკრაინაში აკრედიტებული უცხოური მედიაც ესწრებოდა – ჯამში 120-მდე ჟურნალისტი. ბურჯანაძემ მათ საქართველოში 2011 წლის 26 მაისსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრესკონფერენციის მსვლელობისას 26 მაისის დარბევის ამსახველი დოკუმენტური ფილმიც იყო ნაჩვენები.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, „გაიტანონ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ევროპაში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, მიაწვდინონ ხმა ევროპელ და ამერიკელ ჟურნალისტებს, რადგან საქართველოში მედია ოკუპირებულია მმართველი რეჟიმის მიერ და ქართველ ჟურნალისტებს ამის საშუალება არ ეძლევათ“.