პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთში გამგზავრება უსაფრთხო არ არის

mid_gruziiსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში საქართველოს მოქალაქის „ეთნიკური კუთვნილების“ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთში მგზავრობისაგან, რადგან „ამ ქვეყანაში მათი ყოფნა უსაფრთხო არ არის“.

სამინისტრო აცხადებს, რომ 5 ივნისს მოსკოვში „ეთნიკური კუთვნილების გამო ცემით მოკლეს საქართველოს მოქალაქე გელა ბლიაძე“ და რუსული მხარისაგან მომხდარის „სრულფასოვან გამოძიებასა და მკვლელობის მონაწილეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას“ მოითხოვს.

„მკვლელობა მოხდა იმ ქვეყანაში, სადაც ქუჩებსა და ციხეებში კლავენ ადამიანის უფლებების დამცველებს, ჟურნალისტებსა და ადვოკატებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს დანაშაულები ხდება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც აწარმოებს სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკას – გეგმავს, აფინანსებს და ახორციელებს ტერორისტულ აქტებს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა 2011 წლის 2 და 6 ივნისს საქართველოს სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორი ტერორისტული ჯგუფი“, – აცხადებს საგარეო უწყება.