აქტუალური
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის გახსნას მიეძღვნა.

ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან „ტანაპის“ (ტრანსანატოლიური გაზსადენი) წლიური მოცულობის 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და „ტაპის“ (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით. ამის გარეშე გაზის დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა გაძნელდება“, – თქვა ილჰამ ალიევმა.

2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება „ტრანსადრიატიკული მილსადენით“, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ნაწილია. „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელიც გადაჭიმულია 3.5 ათას კმ-ზე ბაქოდან სამხრეთ იტალიამდე საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით, არის მილსადენის ინტეგრირებული სისტემა. ნედლეულის ძირითადი წყაროა შაჰ-დენიზის საბადო, რომლის მარაგი 1.2 ტრილიონი კუბური მეტრია.