აქტუალური
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 ოქტომბერს ნატო-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.

მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა პროგრამის დაწყებამდე უკვე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.

ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდება. მხარეები უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

თავდაცვის უწყების ხელმღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერსაც შეხვდება.