აქტუალური
საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 37.4%-ით – 4.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 34.4%-ით – 9.5 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5.4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც მთლიანი საგარეო სვაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველო უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში 2.03 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი იყო. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 1.7 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 1.4 მლრდ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 959.6 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 895.03 მლნ აშშ დოლარით.

ამავე პერიოდში, ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი – 574.8 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 488.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 473.2 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 366.1 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 353.2 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი – 1.7 მლრდ აშშ დოლარით; 1.2 მლრდ აშშ დოლარით; 829.3 მლნ აშშ დოლარით; 651.1 მლნ აშშ დოლარით და 471 მლნ აშშ დოლარით.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 753.3 მლნ აშშ დოლარით. შემდეგია: მსუბუქი ავტომობილები – 590.5 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 431.6 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 207.4 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 173.3 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 105.7 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 84.3 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 79.7 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 76.5 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 67 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.5 მლრდ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 1.1 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგია: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1 მლრდ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 568.1 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 295.9 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 292.1 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 198.4 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 137.2 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 87.2 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 84.5 მლნ აშშ დოლარით; ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – 74.4 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 5.7 მლრდ აშშ დოლარით.