აქტუალური
ილია დარჩიაშვილმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 20 ოქტომბერს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში თავისი პირველი მოხსენებით წარდგა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთსაათიანი მოხსენებისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 2022 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა.

მოხსენების დასაწყისში, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ინტერვენციამ „დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა არა მხოლოდ გლობალური უსაფრთხოების საკითხი, არამედ გლობალური წესრიგის არსებობა“.

„[თუმცა], საქართველო წარმატებით ახერხებს საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებთან გამკლავებას და აგრძელებს ძირითადი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებას, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის ისტორიულ და ცივილიზაციურ არჩევანს“, – ხაზი გაუსვა მან.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი უწყება კვლავაც აგრძელებდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და „ძალისხმევას არ იშურებდა“ ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის.

მანვე ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებიდან ხელისუფლების მიზანი „ხელშესახები შედეგების მიღება და პროცესის გაძლიერებაა“, რაც მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში „ღირსეული დაბრუნების“ პროცესის დაწყებას უზრუნველყოფს.

„[ეს] გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას“, – თქვა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ოფიციალური თბილისი გააგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული პროგრესის შედეგად მიღებული სიკეთეების საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადმიანებისთვის შეთავაზებას.

ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით „თანმიმდევრულ გზას“ განაგრძობს და „დგამს ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციისა და ინსტიტუციური ინტეგრაციის მაღალი დონის მისაღწევად“.

ამ კონტექსტში მან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე მაისში შეტანილ განაცხადს გაუსვა ხაზი, რითაც „[ქვეყნის] ხელისუფლებამ შეასრულა ქართველი ხალხის დაკვეთა და მათ გაუხსნა ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიმდინარე წლის ივნისში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ „ისტორიულ გადაწყვეტილებაზეც“ გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულმა „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალურად გაუხსნა კარი და ჩვენი ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა“. „გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო გახდეს გაწევრიანების წინა ინსტრუმენტის ბენეფიციარი, რაც შეიძლება მალე“.

ამ კონტექსტში მან ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად წარდგენილი სამოქმედო გეგმა აღნიშნა, „რითაც ცალსახად დადასტურდა ურყევი ნება, რომ საქართველო გააგრძელებდა აქტიურ მუშაობას ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს ემსახურება“. ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროპული მომავლისადმი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

საქართველო-ნატოს შორის პარტნიორობაზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ალიანსთან თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა და საქათრველო „საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ ყველა ინსტრუმენტს“.

ამ კონტექსტში მან წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტები, ასევე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილისა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტებიც გაიხსენა.

„აუცილებელია საქართველო ჯეროვნად იყოს წარმოდგენილი 2023 წლის ნატოს სამიტზე, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, – ხაზი გაუსვა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველო მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ „საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში“. აღნიშნულის დასტურად საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა“ აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის მტკიცე და საიმედო მოკავშირედ რჩება. „თვალსაჩინოა და მკაფიოა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული და ფინანსური დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ასევე სხვა საკვანძო სფეროებში“, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ „ჩვენი მიზანია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით“.

მისი განმარტებით, „უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, იქნება ეს რეზოლუციების თანა-ავტორობა, თანასპონსორობა, თუ განცხადებებზე მიერთება ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში“.

საგარეო საქმეა მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ 28 000-ზე მეტი უკრაინელისთვის მთავრობის მიერ ამოქმედებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებიც აღნიშნა და თქვა, რომ ქართულ სკოლებში უკრაინიდან დევნილი მოსწავლეებისთვის უკრაინულნოვანი სექტორებიც ამოქმედდა.

ილია დარჩიაშვილმა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებითაც „ინტენსიურად“ მუშაობს.

მანვე საქართველოს „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზეც“ გაამახვილა ყურადღება, რომლის ფარგლებშიც, მისივე თქმით, თბილისმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა.

„ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამ. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მოხსენების შემდეგ, ილია დარჩიაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვაზე, თუ რა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო ქმედება ოკუპირებულ აფხაზეთში ცოტა ხნის წინ ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტზე, ილია დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა „ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადავდგით“.

„პირველი, ჩვენ კონკრეტული განცხადება გავაკეთეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იყო საქართველოს პრემიერმინისტრის გამოხმაურება, იყო ჩემი [გამოხმაურებაც]. ჩვენ გამოვიძახეთ საქართველოში ბელარუსის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის და ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით, რომელიც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გადადგას“, – დასძინა მან.

ილია დარჩიაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით“. „მე ვფიქრობ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აზიანებს, მომავალში აღარ იქნება“, – დასძინა მან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ – თუ რა ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებით, მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიების ნაწილის გადაცემის მცდელობის საქმეზე ამავე უწყების ორი თანამშრომელი დააკავეს? – ილია დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დინამიკურია და „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართულებით დგამს“.

„რაც შეეხება გარეჯის თემას, ამ საკითხს აქვს კონკრეტული სივრცე, კონკრეტული კომისიაა, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და ჩვენ, ჩვენ აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კონსულტაციას“, – ხაზი გაუსვა მან.

რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს იმას, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორისტულ ქვეყნად აღიარებს, ილია დარჩიაშვილმა უპასუხა – „ჩვენ, ვაკეთებთ ყველაფერს, ზოგადად, იმისთვის, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც უკრაინასთან არის დაკავშირებული, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მობილიზებული იყოს და ჩვენ ამ მიმართულებით მომავალშიც გვექნება კონკრეტული ნაბიჯები“.

„მე მინდა გითხრათ, რომ ეს თავისუფალი ქვეყანაა, ყველა პოლიტიკოსს, ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს, დასვას კითხვა და ამ კითხვაზე მიიღოს პასუხი. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩემი თვალთახედვიდან გიზიარებთ“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა „ოცნებიდან“ გასულების მხრიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ გავრცელებულ კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.

პარტია მოქალაქეების დეპუტატის რეპლიკაზე პასუხისას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს ელჩს „ბატების მწყემსადაც“ კი არ დანიშნავდა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ჩვენ, ნამდვილად საამაყო დიპლომატიური კორპუსი გვყავს. იმ შედეგებს რასაც ჩვენ მივაღწიეთ და რასაც მომავალში მივაღწევთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის არის“.