აქტუალური
ნიკა მელია: თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის პრაიმერისი ჩატარდება, ყველა ნომინირებულ პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის პრაიმერისი ჩატარდება ყველა ნომინირებულ პოზიციაზე “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას.

როგორც მელია ამბობს, ახლა დროა პარტიებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ითანამშრომლონ.

ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ ადასტურებდა, რომ იგი მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიტურ პარტიასთან, ვისაც რეალურად სურს ცვლილება ქვეყანაში და უპირისპირდება ოლიგარქიულ მმართველობას. მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ახლაც გამონაკლისის გარეშე უნდა მოხდეს თანამშრომლობა, რათა მიტაცებული სახელმწიფო ხალხს დაუბრუნდეს. აქ, ბუნებრივია საუბარი ვერ იქნება ორ, სამ ან ოთხ პოლიტიკურ პარტიასთან. ტრადიციულად „ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში, როგორც მოქმედებდა ისე გააგრძელებს მოქმედებას. თანამშრომლობა ყველა იმ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც სურს ნორმალური საარჩევნო გარემო, დემოკრატიული და თავისუფალი. ვისაც ნამდვილად უნდა ქვეყანაში აღარ ჰყავდეს არავის პოლიტიკური პატიმარი და ვგულისხმობ, არცერთი პოლიტიკური პარტიას და ვისაც ნამდვილად სურს ევროპული მისწრაფებები რეალობად აქციოს. ამ ყველა ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიასთან „ნაციონალური მოძრაობა” თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, პრაიმერის ჩატარებით, „ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაიფანტება“.

რაც შეეხება, კონკრეტულ პრაიმერისს, თუ კი დღეს ვინმეს აწყობს პრაიმერისი, თუ კი ვინმეს დღეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის” უცხო ნამდვილად არ არის, მერწმუნეთ, თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად ყველა ტიპის კონკურენციაში, ის გაიმარჯვებს მარტივი მიზეზების გამო და ახლა ამ მიზეზებს არ ჩამოვთვლი. მოემსახურება ეს საერთო მიზანს? ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული სვლა? - ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაიფანტება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ პარტიებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, ეს პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობაში” ჩამოყალიბებულია, მოვიპოვოთ სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო გარემო და მერე ყველა ოპოზიციური პარტია ინდივიდუალურად გაძლიერდეს და მით უფრო, თუ ჩვენ საუბრობთ მომავალ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. პროპორციული საარჩევნო სისტემა პრაქტიკულად იყო ბროლის ოცნება, რაზეც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველა თაობა, პოლიტიკური ოპოზიციური წარმომადგენელი საუბრობდა.

დღეს, ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პროპორციული არჩევნები გვქონდეს. ვფიქრობ, მთელი ძალ-ღონე და ენერგია ამ მიმართულებით უნდა მოაგროვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, განსაკუთრებით შედარებით მცირე მოცულობის ოპოზიციურმა პარტიებმა, ვიდრე ეს არის "ნაციონალური მოძრაობა”. ჩემთვის გაერთიანება და თანამშრომლობა ორი სხვადასხვა ცნებაა და თვისობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემთვის თანამშრომლობა ამ ეტაპზე გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე თუნდაც ხელოვნური ტიპის გაერთიანება. ამ აზრისთვის, ჩვენ შარშან და შარშანწინ პრაიმერის წესით, რომ შეგვერჩია მაჟორიტარობის კანდიდატები ყველგან "ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებდა, ეს ხომ ვიცოდით, ამიტომ ჯენტლმენურად, კოლეგიალურად დავსხედით და გავაკეთეთ სამართლიანი ჟესტი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ. გარკვეულ ადგილებში ამან გაამართლა და გარკვეულ ადგილებში ამან არ გაამართლა. ჩვენ რისთვის გვინდა მსგავსი პროექტის და გეგმის განხორციელება? -ჩვენ გვინდა ხელისუფლება შევიყვანოთ ჩიხში, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიყვანოთ. მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას”, - განაცხადა მელიამ.