უცხოეთი
ნევადაში გამარჯვებით „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ნევადაში გამარჯვების შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს. როგორც სააგენტო „ასოშიეთედ პრესი“ წერს, დემოკრატმა სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქსალტი დაამარცხა, რომელსაც მხარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა.

„მადლობა, ნევადა!“- დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მასტომ.

„დემოკრატების“ კანდიდატმა ხმების 48,7% მოიპოვა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა, შტატის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ადამ ლაქსალტმა კი 48,2%.

კამბოჯაში ვიზიტად მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "ძალიან კმაყოფილია" არჩევნების შედეგებით.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისინი ახლა ჯორჯიის შტატზე არიან ფოკუსირებულები.

interpressnews.ge