უცხოეთი
თურქეთში აცხადებენ, რომ სტამბოლში ტერაქტის დროს ასაფეთქებლად ტროტილი იყო გამოყენებული

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის დროს ასაფეთქებლად გამოყენებული იყო ტროტილი. ამის შესახებ სულეიმან სოილუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სოილუს ინფორმაციით, ტერაქტის უშუალო შემსრულებელმა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა გაგზავნეს.

მისივე ინფორმაციით, ის თურქეთში სირიის ქალაქ აფრინიდან ჩავიდა არალეგალური გზით.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამართალდამცველებმა დააკავეს ტერაქტის მოწყობასთან დაკავშირებული 46 ეჭვმიტანილი.

„მათ შორის იყო ტერორისტი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ტერაქტის შემსრულებლის ლიკვიდაცია. ის რომ არ დაგვეკავებინა, უკვე დღეს გაიქცეოდა საბერძნეთში“, – განაცხადა სოილუმ.

ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის საელჩოს მიერ სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.

„ჩვენ არ ვიღებთ და უარვყოფთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოილუმ.

სტამბოლში ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა. შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავდა 81 მოქალაქე.

1tv.ge