საზოგადოება
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას აყენებს

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს თავის მხარდამჭერებს.

ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია.

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში.

ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს და შესთავაზა გიორგი ჩალაძეს, შტაბს უხელმძღვანელოს.

ასევე მინდა, გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში აკეთებს ყველაფერს, შევთავაზო, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა, პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი, დამპირისპირებელი.

მოვუწოდებ ყველას, ვინც აპირებს, მონაწილეობა მიიღოს პარტიულ არჩევნებში, თავი ავარიდოთ პერსონალურ თავდასხმებს, ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივრებსაც და მტერსაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია, რომელიც წარსულის გამოცდილებით იყურება წინ და ემზადება „ქართული ოცნების“, ანუ რუსული ოცნების დასამარცხებლად. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი და ძლიერი. ხალხს შევთავაზოთ ხედვები, იდეები და შიდაპარტიული არჩევნები არ გადავზარდოთ პიროვნულ დაპირისპირებაში, იყოს საქმიანი დებატები, იდეების ჭიდილი და არა კინკლაობა ხალხისთვის გაუგებარ, მოგონილ თემებზე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.