პოლიტიკა
ნეიტრალური დოკუმენტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის

angarishi_sxdomaდღეს, 17 ივნისს, პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ლეგიტიმურად მცხოვრებ“ პირებზე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ამგვარი დოკუმენტების აღება რეგიონებში მცხოვრებ პირებს ნებაყოფლობით შეეძლებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ, იმოგზაურონ საზღვარგარეთ, ასევე, ისარგებლონ საქართველოში არსებული სოციალური სიკეთეებით. თუმცა ამგვარი დოკუმენტების აღება საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ნიშნავს.

ცვლილებების თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტები გაიცემა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე“.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საფასური 35 ლარი იქნება, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის – 10 ლარი. ეს დოკუმენტები დაიბეჭდება და შეივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე. მათზე დატანილი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური ნომერი და არ იქნება გამოსახული საქართველოს გერბი.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, რაც ამ პაკეტის ნაწილია, ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელ პირებს ზემოაღნიშნულ რეგიონებში შესვლა შეეძლებათ აკრძალული მიმართულებებიდანაც, ანუ არა მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მხრიდან, თუმცა ამის შესახებ უნდა აცნობონ საქართველოს მთავრობას.

ამის გარდა, ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის მიზნებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ორგანოების მიერ გაცემული აქტები, თუმცა ამ შემთხვევის გარდა ეს აქტები, კანონპროექტის თანახმად, „არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს“.

ამ პაკეტის ნაწილია ნეიტრალური მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირისთვის გრანტის მიღების, სამეწარმეო საქმიანობისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის, ასევე, სასწავლო გრანტების მიღების შესაძლებლობების მინიჭება.

ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ნაწილია.