აქტუალური
პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და 25%-ს არ ცდება

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ოცნებობს „ქართული ოცნება“ მიყიდონ ხალხს, როგორც არსებული რეალობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ GORBI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს “ქართული ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.

არ ვუცხადებ ნდობას ამ კვლევას, რომლის თანახმად საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე კმაყოფილია „ქართული ოცნებით“, კმაყოფილია იმით, რომ ამ ცივილიზებულ დაპირისპირებაში ქვეყანა, საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს. მე არ მჯერა, რომ ადამიანები კმაყოფილები არიან, დღითიდღე უარესდება მდგომარეობა. მე არ მჯერა კვლევის, რომელიც იტყვის, რომ ყოველი მეორე ადამიანი კმაყოფილია, როცა 100 ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან და არ მჯერა კვლევის, რომელიც ამბობს, რომ ყოველი მეორე ადამიანი კმაყოფილია, როცა ქვეყანაში 200 ათასამდე ბავშვი შიმშილობს.

ეს არის პოლიტიკური დაკვეთით შესრულებული კვლევა, რომ ის რეალობა, რომელზეც ოცნებობს „"ქართული ოცნება“ მიყიდონ ხალხს, როგორც არსებული რეალობა. ჩვენ ვატარებთ ჩვენს კვლევებსაც და „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ის 25%-არ ცდება. ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ხალხის ნდობა აქვთ მაშინ, როცა პოლიტიკურად გაკოტრებულია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედი“ GORBI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 23%. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი“, გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“. 1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის“.

კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2024 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.