სამართალი
ბიწაძის საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ

burjikie„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მისი მეუღლის, ძებნილი ბადრი ბიწაძის, მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიწაძის საქმის განხილვა მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა.

„2011 წლის 30 მაისს ბადრი ბიწაძეს ბრალი საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით წარედგინა. კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულს ან მისი ოჯახის წევრებს  ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უფლება აქვთ, გონივრულ ვადაში წარმოადგინონ მათ მიერ შერჩეული ადვოკატი, 48-საათიანი ვადა სამართალდამცველებმა თავადვე დაარღვიეს და საპროცესო ნორმების იმპერატიულ მოთხოვნათა უგულებელყოფით, სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის მეშვეობით ბრალი წარუდგინეს ბადრი ბიწაძეს, რითაც მას წაართვეს დაცვის უფლება. ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია სახელმწიფოს მიერ მოწვეულ ადვოკატ იმედა ბეროშვილს. 2011 წლის 20 ივნისს კი, ბადრი ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების საკითხის განხილვისას, სასამართლო პროცესზე კვლავ გამოცხადდა ე.წ. სახაზინო ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ჩვენ მიერ შერჩეული ადვოკატი ლევან სამუშია ესწრებოდა. პარადოქსულია, თუმცა ფაქტია, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სახაზინო ადვოკატმა ბეროშვილმა მხარი არ დაუჭირა ადვოკატ სამუშიას არცერთ დაყენებულ შუამდგომლობას და მხარდაჭერა პროკურატურის პოზიციას გამოუცხადა და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი არ წარმოადგენს ბადრი ბიწაძის ინტერესებს და მის მიერ საგამოძიებო მოქმედებებში მიღებული ყველა მოქმედება არის უკანონო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში მრავლადაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ობიექტური სასამართლო და ობიექტური გამოძიება საქართველოში არ არსებობს, სახაზინო ადვოკატის ინსტიტუტი კი მხოლოდ პოლიტიკური შეკვეთის შესრულებისათვის არის გამოყენებული.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ უნდობლობას ქართული მართლმსაჯულების მიმართ, თუმც ყველა პროცედურას დავასრულებთ, რათა სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთხელ აეხადოს ფარდა საქართველოში დღეს ჩამოყალიბებული „მოდერნიზებული დიქტატურის“ მართლმსაჯულებას“, – დასძინა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.