აქტუალური
ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. პარტიების – „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, 23 იანვარს, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ შეიკრიბნენ და ახალი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ დაწყების შესახებ განაცხადეს, რომელიც მათივე თქმით კოლაბორაციონიზმის დასრულებითა და მიტაცებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნებით დასრულდება. ამ მიზნით, მათ სიმბოლურად, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქცია დაგეგმეს. მათივე თქმით დემონსტრაციები, იქნება „მზარდი“.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს შეკრებილ ადამიანებს „ჩვენი ქვეყნის ღირსების, ჩვენი ევროპული პერსპექტივის, ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხი“ აერთიანებთ. მისივე თქმით, 24 თებერვალი არის წყალგამყოფი, სადაც იყოფიან ცივილიზებული მომავლის ქვეყნები და წარსულის, ბოროტების რუსეთი, რომელსაც მომავალი აღარ აქვს.

24 თებერვალს, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ [მსოფლიოს], რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა, კრიტიკულ მომენტში ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ – საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში“, – ხაზი გაუსვა ხოშტარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ღალატობს ევროპული მომავლისა და არჩევნის შესახებ ქართველი ხალხის ნებას. გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა მან.

ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე. გზა რთულია, ეკლიანია, მაგრამ ამ ეკლიან გზას ჩვენი დიდი ერთიანობით, ჩვენი ურყევი ნებით, მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე“, – ხაზი გაუსვა გიორგი ვაშაძემ.

თავის მხრივ, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელზე, როცა თავმოყვარეობას, ღირსებას და არაფერს ფასი არ აქვს მანამ, სანამ ცხოვრობ უთავმოყვარეო ყოფაში“.

24 თებერვალს რაც უნდა დაიწყოს აქ, არის საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა. ამ პროცესს სჭირდება ერთობა. 24 თებერვალს ყველა ვიკრიბებით აქ [რუსთაველის გამზირზე] და ვიწყებთ ბრძოლას, რომ ამოვიდეთ ამ წუმპიდან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„… დღეს რეალობა ის არის, რომ ქვეყანას ვკარგავთ და პირდაპირ ვბარდებით რუსეთს. სირცხვილის გრძნობა ხომ არ დავკარგეთ, ხალხო?! თუ ჩვენ დღეს ჩავბარდებით რუსეთს, სამარადჟამო სირცხვილში ვიქნებით და ეს არ იქნება სირცხვილი, რომელსაც ოდესმე ჩამოვიხოცავთ და დავასრულებთ… ძილის დრო არ არის, ქართველებო, გამოფხიზლდით”, – მიმართა მხატვარმა გია ბუღაძემ საზოგადოებას.