საზოგადოება
„კონსერვატიული მოძრაობა“ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას ითხოვს

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ულტრაკონსერვატიული და ულტრამემრჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა საქართველოს პარლამენში „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები წარადგინეს, რომელიც რომლებიც ლგბტქ+-ის თემისა და აქტივისტებისთვის ამ უფლებების შეზღუდვას გულისხმობს.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტში 2022 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონს მე-101 მუხლი უნდა დაემატოს, რომლის მიხედვითაც:

აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას.

აიკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას.

კანონპროექტით ცვლილებები შევა საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებშიც, რომელთა მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლების დარღვევისთვის 3 000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა ან 25-დღიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული, თუკი დამრღვევი ორგანიზატორია – 5 000 ლარით ადმინისტრაციული ჯარიმა ან 30-დღიანი პატიმრობა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, მას 3471 მუხლი უნდა დაემატოს, რომლის თანახმადაც, განმეორებითი დარღვევა ჯარიმას ან 180-240-სთ-მდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 2-წლამდე გამოსასწორებელ სამუშაოს ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.

კანონპროექტის თანახმად, რომელსაც პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და საბიუჯეტო ოფისის დადებითი შეფასება უკვე აქვს, ცვლილებები გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს უნდა ამოქმედდეს. პარლამენტი მის განხილვას, სავარაუდოდ, უკვე თებერვლიდან დაიწყებს.

განმარტებით ბარათში ინიციატორები ცვლილებების აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ საჯარო სივრცეში განსაკუთრებით ბავშვების მიერ მსგავსი აქტივობების ხილვა „მკვეთრად მიუღებელია“.

მათივე მტკიცებით, „აუცილებელია მკაფიოდ ჩამოყალიბდეს საჯარო შეკრებებისა და მანიფესტაცების ჩატარების წესები, რადგან საზოგადოების სიმშვიდისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აიკრძალოს ისეთი დემონსტრაციების და ღონისძიებების ჩატარება, რომელთა მთავარ ან ერთ-ერთ მიზანს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაცია, პოპულარიზაცია და პროპაგანდა წარმოადგენს“.

„სამოქალაქო საქართველო“ კონსერვატიული მოძრაობის ინიციატივის შესაფასებლად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. მასალა მათი პასუხების შესაბამისად განახლდება.