პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე: „ხორცის გაძვირება ევროკავშირმა დაგვაძალა“

baramidzeeროგორც ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ კონფერენციაზე – „თანამშრომლობა ევროპული მომავლისათვის“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ხორცზე ფასის 80%-იანი ზრდა იმ ზომებმა გამოიწვია, რომელთა მიღებასაც საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის ექსპერტები ითხოვდნენ“.

ბარამიძე დღევანდელ გამოსვლებში ორაზროვანი განცხადებებით გამოირჩეოდა, რადგან, ერთი მხრივ, ხელისუფლების საქციელს ამართლებდა, მეორე მხრივ კი, ამ გადაწყვეტილების ნაკლოვანებებზე მიუთითებდა. „ეს სერიოზული პრობლემაა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. არა მგონია, ეს ევროკავშირის ინტერესებში შედიოდეს, თუმცა გავაკეთეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო სტანდარტები“, – განმარტა ბარამიძემ, რითაც, ფაქტობრივად, ხაზი იმ გარემოებას გაუსვა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი საერთაშორისო სტანდარტებამდე მისვლაა, თუნდაც ეს საკუთარი ხალხის შიმშილის ფასად დაუჯდეს.

მისივე თქმით, „ჯობდა, ეს ეტაპობრივად გაკეთებულიყო, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, რაც ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა“.

ვიცე-პრემიერმა არც დაგვიანებული შენიშვნები დაიშურა ევროკავშირის ექსპერტების მიმართ და მოუწოდა მათ, უფრო ყურადღებით მოეკიდონ მსგავს საკითხებს. „ჩვენ არ ვწუწუნებთ, მაგრამ უმჯობესია, მსგავსი ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდეს. ჩვენ დაგვაძალეს და გავაკეთეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად განხორციელდებოდა“, – იმეორებდა გამოსვლისას მინისტრი ბარამიძე.

მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისი სფეროები მოწესრიგდეს“.

საინტერესოა, რას გულისხმობს საქართველოს მთავრობა შესაბამისი კანონმდებლობისა და სფეროების მოწესრიგებაში და რა იგულისხმება ყბადაღებულ „ევროსტანდარტებში“ – პროდუქტებზე ფასების მატება, ხალხის შიმშილი თუ უმუშევრობა?! ევროსტანდარტები და ევრორეკომენდაციები ითვალისწინებს თუ არა ცხოვრების გაძვირების ფონზე უმუშევრობის აღმოფხვრას და მომუშავეთათვის ხელფასების ზრდას თუნდაც მათივე რეკომენდაციით გაძვირებული პროდუქტების შესაძენად, დღევანდელ ღონისძიებაზე ამ მეტად მტკივნეულ საკითხებზე მინისტრს, სამწუხაროდ, არ უსაუბრია.