საზოგადოება
ახალი ამბებისადმი მაყურებლის ინტერესი კვლავ მაღალია

rustavi2_2ქართული მედიის შესახებ ახალი ყოვლისმომცველი კვლევის თანახმად, ახალი ამბებისადმი მოსახლეობის ინტერესი კვლავ მაღალია და რესპონდენტთა 83 პროცენტი ყოველდღიურად ადევნებს თვალს ახალ ამბებს ნაციონალურ ტელეარხებზე.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ მედიის საკითხებზე მომზადებული კვლევა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 2011 წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში 2 000-ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევა CRRC-ის მიერ 2009 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მსგავსია და ამჟამინდელმა კვლევამაც აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმეტესობა ახალი ამბების ყურებას ყოველდღიურად, დაახლოებით, 1-2 საათს უთმობს.

კვლევის თანახმად, გასართობი სატელევიზიო პროგრამების, კერძოდ კი, კომედიური შოუების პოპულარობა, გაზრდილია.

„თუმცა გასართობი შოუების მიმართ ინტერესი არ გაზრდილა ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების მიმართ ინტერესის კლების ხარჯზე, რაც კვლავ მაღალი რჩება“, – განუცხადა ჟურნალისტებს CRRC-ის საქართველოს დირექტორმა კობა თურმანიძემ.

წინა კვლევის მსგავსად, წლევანდელ კვლევაშიც მაყურებელთა მოთხოვნა საგამოძიებო რეპორტაჟებზე კვლავაც მაღალია.

საგრძნობი ცვლილებები, რომლებიც 2009 წლის ოქტომბრის კვლევასთან შედარებით დაფიქსირდა, ძირითადად, ინტერნეტის მოხმარებას უკავშირდება. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც აცხადებენ, რომ თავისუფალ დროს ინტერნეტის გამოყენებას ამჯობინებენ, ორჯერ და მეტად იმატა და 20% შეადგინა.

კვლევის თანახმად, 13-დან 23 პროცენტამდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტს ყოველდღიურად მოიხმარენ. რესპონდენტთა 70 პროცენტი აცხადებს, რომ ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებს მიმართავენ.

რესპონდენტთა 88 პროცენტისთვის ტელევიზია ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება.

რესპონდენტთა რაოდენობა, ვისაც ინტერნეტი ინფორმაციის მთავარ წყაროდ მიაჩნია, კვლავ დაბალია და 5 პროცენტს შეადგენს (3 პროცენტი იყო 2009 წელს), მაგრამ ეს მაჩვენებელი გაცილებით უსწრებს გაზეთებსა და ჟურნალებს; ბეჭდვური მედია ინფორმაციის მთავარ წყაროდ რესპონდენტთა მხოლოდ 2 პროცენტისთვის რჩება, რაც 2009 წლის კვლევის შედეგების ანალოგიური მონაცემია.

იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვისთვისაც ინტერნეტი მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების მეორე წყაროს წარმოადგენს, ორჯერ და მეტად გაიზარდა და 14 პროცენტი შეადგინა. თუმცა ეს მონაცემი მცირედით ჩამორჩება გაზეთებსა და ჟურნალებს, რომლებიც რესპონდენტთა 18 პროცენტისთვის ინფორმაციის მეორე წყაროს წარმოადგენს. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 26 პროცენტი იყო.

ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“ ყველაზე ყურებადი ტელევიზიებია საქართველოში. შესაბამისად, რესპონდენტთა 88 და 85 პროცენტი სწორედ ამ ორ მაუწყებელზე ადევნებს თვალს ახალ ამბებს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 32-პროცენტიანი მონაცემით.

სამივე ეს ტელეკომპანია ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს.

რესპონდენტთა 6 და 9 პროცენტი უყურებს ახალ ამბებს, შესაბამისად, „მაესტროსა“ და „კავკასიაზე“, რომლებიც, ძირითადად, თბილისში მაუწყებლობენ.

რესპონდენტთა 43 პროცენტს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, 53 პროცენტმა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში, 48 პროცენტმა, გასცა ასეთივე პასუხი.

„კავკასიისა“ და „მაესტროს“ შემთხვევაში, რესპონდენტთა 38 და 29 პროცენტმა, შესაბამისად, განაცხადა, რომ ორივე ტელეკომპანია ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება. ამავე დროს, 46 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის, თუ ვის ინტერესებს ემსახურება „კავკასია“, ხოლო 56 პროცენტმა პასუხი ვერ გასცა იმავე კითხვას „მაესტროსთან“ დაკავშირებით.

რესპონდენტთა 43 პროცენტის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მიერ გადაცემულ ახალ ამბებს ენდობა; 2009 წელს ეს მაჩვენებელი 37 პროცენტს შეადგენდა. 42 პროცენტმა იგივე განაცხადა „იმედთან“ დაკავშირებით – ეს მაჩვენებელი 2009 წლის კვლევაშიც ანალოგიურია. 25 პროცენტმა (ნაცვლად წინა კვლევაში არსებული 17 პროცენტისა) განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ამბებს ენდობა.

ამავე დროს, რესპონდენტთა 42 პროცენტს მიაჩნია, რომ ქართულ მედიაში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს; 2009 წელს ეს მაჩვენებელი 46 პროცენტს შეადგენდა; რესპონდენტთა 34 პროცენტი საწინააღმდეგოს ფიქრობს – 2009 წელს მათი ოდენობა 36 პროცენტს შეადგენდა.