რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო: გელათის მონასტერი კრიტიკულ მდგომარეობაშია!

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. გელათის ტაძარზე ჩუბინაშვილის ცენტრისა და იუნესკოს კრიტიკული დასკვნების შემდეგ, საპატრიარქო ბოლო წლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად ტაძარში არსებულ მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობს, თუმცა დაინტერესებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

14 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში საპატრიარქო ამბობს, რომ 2015-2019 წლებში გელათის ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. შედეგად, საპატრიარქოს თქმით, ტაძარში წყლის ჩადინება დაიწყო და 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა.

საპატრიარქოს განმარტებით, ამის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ გელათის მხატვრობის გადასარჩენად მაღალკვალიფიციური, შესაბამისი კომპეტენციისა და ტექნიკური რესურსის მქონე უცხოელი სპეციალისტების მოწვევა იყო საჭირო, რომლებიც ადგილობრივ სპეცილისტებთან ერთად იმუშავებდნენ. ამავე განცხადებით, 2021 წლის ზაფხულში გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, „გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა“.

სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება, – აცხადებენ საპატრიარქოში და დასძენენ, რომ ამას გელათის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერებისა და კვალიფიციური ცენტრების მიერ მომზადებული ოთხი სხვდასხვა დასკვნაც ადასტურებს, მათ შორის, უშუალოდ კულტურის სამინისტროს დაკვეთით მომზადებული დოკუმენტიც.

ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს, – განმარტავენ საპატრიარქოში და დასძენენ – იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო ასევე განმარტავს, რომ არ შედის „რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში“, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მათ ხელთ არსებული საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა,“ ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას“.

საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.

განცხადების ბოლოს, საპატრიარქო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და ტელევიზიებს ნუ იქნებიან მიკერძოებულნი და „ამ ზოგად ქართულ საკითხს“ ვიწრო ინტერესებით ნუ მიუდგებიან. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე „თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს“ სთავაზობს და დასძენს, რომ თანამშრომლობის შედეგად, შექმნილი კრიტიკული ვითარება დაძლევადი და მოგვარებადია.