აქტუალური
ერგნეთის შეხვედრაზე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ე.წ. გადასასვლელების გახსნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. გაიხსნება თუ არა ე.წ. გადასასვლელები და მიეცემა თუ არა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულზე თავისუფლად გადაადგილებისა და საფლავებზე გასვლის შესაძლებლობა, ამის შესახებ დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე მსჯელობდნენ. დე ფაქტო რეჟიმი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით გააზიარებს. 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სასაფლაოებზე გასვლა მოსახლეობამ მხოლოდ ორჯერ შეძლო.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. საუბარი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან რუსი სამხედროების მხრიდან უკანონო ინსტალაციები განაახლებაზეც. იანვრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციის ექვსი ფაქტი დაფიქსირდა.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური მსჯელობა. ჩვენი არგუმენტები მათ მოისმინეს. უმჯობესია, დავინახოთ შესაბამისი ნაბიჯები, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიდგომის გადაწყვეტილების შესახებ და ყველა უკანონოდ დაკავებული დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. საუბარი ასევე იყო უკანონო ბორდერიზაციის პროცესებზე. ასევე, განვიხილეთ ჰუმანიტარული პრობლემები. სასმელი და სარწყავი წყლის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება ტექნიკური შეხვედრა და არის ყველა წინაპირობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ისევე, როგორც წინა წლებში. რაც შეეხება თავისუფალ გადაადგილებას აღდგომის დღესასწაულის დღეებში, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ . გადასასვლელები გაიხსნას რამდენიმე დღით ადრე. ასევე, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მაცხოვრებლებმა მოინახულონ საფლავები და შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. არის მაღალი ალბათობა, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა დაბეჯითებით ვიტყვით, როცა გადაწყვეტილება გაზიარდება ცხელი ხაზით და მივიღებთ ინფორმაციას“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.