უცხოეთი
ინალ არძინბა: „ამერიკა შეეცდება გადატრიალება მოაწყოს საქართველოში“

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტში ამერიკელები „შეეცდებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, არძინბას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნაა.

ადრე არძინბამ განაცხადა, რომ "საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია".

თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს". აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით კი, „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ“.

„მაგრამ ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად არ გახდება იძულებული გახსნას მეორე ფრონტი?“ - იკითხა სერგეი შამბამ.

უკრაინელი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს. საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია“ დასავლეთში ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

radiotavisupleba.ge