რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ამერიკის FARA - თუ დასავლეთში მივდივართ, რისთვის გვჭირდება დასავლეთის აგენტების ლუსტრაციის კანონი?

  1989 წლის 9 აპრილის ღამიდან დაწყებული ქართველები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც 1928 წელს დაანგრიეს ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი მიმდებარე სასაფლაოსთან ერთად და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის სახლი ააშენეს. რუსეთის იმოერიის დროს ამ ადგილს ეწოდებოდა გუნიბის მოედანი, გამზირს - გოლოვინის, ზემოაღნიშნულ ეკლესიას კი კავკასიის სამხედრო ტაძარს ეძახდნენ, რადგან იგი 1859 წელს გუნიბის ციხის აღებისა და იმამ შამილის დატყვევების ნიშნად აშენდა, რაც კავკასიაში რუსეთის იმპერიის საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა. 1921 წელს ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს ქართველი იუნკრები, რომლებიც საქართველოში შემოსულ მუშათა და გლეხთა მე-11 წითელი არმიის ნაწილებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

ახლა კი სწორედ ამ თხემის ადგილას (იოანე,19:17), სადაც ეკლესია დაანგრიეს და საფლავები გააპარტახეს, ქართველები ღამღამობით იკრიბებიან, რათა ერთმანეთი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულონ და ყველაფერი რუსეთს დააბრალონ...

ასეა თუ ისე, დღეს ამერიკული FARA-ს («Foreign Agents Registration Act»), ან მისი შემსუბუქებული ვერსიის (ვუწოდოთ მას FARA-light-ი) პარლამენტში განხილვა ცუდი იდეა აღმოჩნდა - უფრო ცუდი, ვიდრე კვაზი-ფრაქცია ხალხის ძალის შექმნა, რომელიც მაინც ქართული ოცნებასთან ასოცირდება.

მკითხველს შევახსენებ, რომ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) არის აშშ-ის კანონი, რომელიც 1938 წელს მიიღეს და მოითხოვს, რომ აშშ-ში უცხო აგენტებმა, რომლებიც წარმოადგენენ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკურ ან კვაზიპოლიტიკურ რანგში, გაასაჯაროონ თავიანთი ურთიერთობა უცხო მთავრობასთან და ინფორმაცია შესაბამისი საქმიანობისა და ფინანსების შესახებ. კანონის შესრულებაზე ზედამხედველობა დაწესებული აქვს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს (NSD) კონტრდაზვერვისა და ექსპორტის კონტროლის სექციის (CES) FARA- ქვედანაყოფს.

ჩნდება კითხვა: თუ საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებისკენ სწრაფვას, რასაც ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი ქვეყნის უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის შესახებ, მაშინ რა ლოგიკით არის აუცილებელი უცხოეთის აგენტების ლუსტრაციის კანონის მიღება, როცა წინასწარ ცნობილია რომ მათი უმრავლესობა დასავლეთის გავლენის აგენტი აღმოჩნდება? განა შეიძლება, სტუმრად მისულმა, მასპინძლებს ჰკითხო - საიდან აქვთ ფული, რომლითაც სუფრა გაგიშალეს?! რა საჭირო იყო, სახელდობრ, დღეს აშშ-სა და ევროკავშირის გაღიზიანება, როდესაც ისინი ისედაც ადანაშაულებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფილიაში ანტირუსულ სანქციებში და რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩართვაზე უარის თქმის გამო?

შედეგად, ხალხი კი არა, ამერიკის ფარა (FARA) აღვმოჩნდით: 2023 წლის 9 მარტის ღამეს საქართველო დაბრუნდა რუსთაველზე ქართული პოლიტიკის ბნელი ღამეების ეპოქაში, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი FARA-light -ი კი გაიწვიეს და სამი დღის შემდეგ მეორე მოსმენზე „დამარხეს“. 2023 წლის 9 მარტის ღამეს (შემდგომ - უცხოეთის აგენტების ღამე) საქართველოში ზუსტად განმეორდა 2019 წლის 21 ივნისის ღამის მოვლენები (შემდგომ- გავრილოვის ღამე). ამ მოვლენების მიზანი იყო საქართველოში ანტირუსული განწყობების წარმოჩენა, რაც სინამდვილეში შეიმჩნევა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილში - რუსოფობებში ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან და რადიკალური ოპოზიციიდან. 2023 წლის 9 მარტის ღამე 2003 წლის ნოემბერში მოწყობილი ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე მოხდა და, სავარაუდოდ, აღნიშნული რევოლუციის შედეგები ანალოგიური ექნება. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი აგანტების ღამის მოვლენები იყო დადგმული სპექტაკლი დასავლური ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების წარმოჩენის მიზნით, რათა გაეფანტათ დასავლეთში ჩამოყალიბებული აზრი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულ კურსზე, მმართველი პარტია ქართული ოცნება შევარდნაძის პარტია -მოქალაქეთა კავშირის ბედს გაიზიარებს, თუ გააგრძელებს შერჩევითი სამართალის - ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას და დამნაშავეებს ყველაფერი ხახვივით შერჩება!

მოდი, გავრილოვის ღამე შევადაროთ უცხოეთის აგენტების ღამეს:

გავრილოვის ღამე: სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვი, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მოიწვიეს საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე და, როგორც ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანი, საქართველოს პარლამენტის იმჟამმინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩასვეს.

უცხოეთის აგენტების ღამე: საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტები უცხოეთის აგენტებზე - ამერიკული FARA-ს ქართული ასლი და მისი შემსუბუქებული ვერსია - ქართველი კონსტიტუციონალისტის, ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილი FARA-light-ი, რომელსაც ოპოზიციამ მაინც უწოდა რუსული კანონი რუსეთის მიერ ინიცირებული.

გავრილოვის ღამე: გავრილოვი დელეგაციასთან ერთად კინწისკვრით გააძევეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და 2019 წლის 21 ივნისის ღამეს ოპოზიცია, თითქოსდა აღშფოთებული საქართველოს ხელისუფლების პრორუსული გამოვლინებებით, რომელმაც საქართველოში მოიწვია რუსი ოკუპანტები და გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა, ცდილობს პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდებას და პრორუსული ხელისუფლებისდამხობას.

უცხოეთის აგენტების ღამე: „პრორუსული“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 7 მარტს მიღებული რუსული კანონით თითქოსდა აღშფოთებული დასავლეთის გავლენის აგენტები - არასამთავრობო ორგანიზაციები, 2023 წლის 9 მარტის ღამეს ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ პარლამენტის შენობა ქართული ოცნების პრორუსული მთავრობის დამხობის მიზნით, რომელიც ლავროვმა და კარასინმა შეაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი მტკიცე ერთგულების გამო. 1933 წლის 27 თებერვალს რაიხსტაგის დაწვის პროვოკაციული სცენარის შესაბამისად, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანიაში ნაცისტების ძალაუფლების განმტკიცებაში, ახალგაზრდა ქართველი ნეონაცისტების ჯგუფი შეეცადა, „მოლოტოვის კოქტეილებით“ ცეცხლი გაეჩინა საქართველოს პარლამენტისთვის.

გავრილოვის ღამე": საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ცნობილ განცხადებას - რუსეთი საქართველოს №1 მტერია", შედეგად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, დატოვონ საქართველო, როგორც სახიფათო ქვეყანა და პრეზიდენტის ბრძანებულებით წყვეტს პირდაპირ ავიამიმოსვლას რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსი ტურისტების შემოსავლების გარეშე დარჩენილმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა იმხანად დაახლოებით 4 მლრდ დოლარი დაკარგა.

უცხოეთის აგენტების ღამე : საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამჯერად აშშ-დან აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას და საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტი რუსეთის მითითებების შესრულებაში ადანაშაულებს, რომელმაც თითქოსდა უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების ბრძანება გასცა. შედეგად, საქართველოს ეკონომიკას მიადგება უზარმაზარი ზარალი, რომელიც სრულად დაანგარიშებას ჯერ არ ექვემდბარება: გარდა იმისა, რომ პირდაპირი ამიამიმოსვლა არ აღდგება და რუსეთთან სავიზო რეჟიმი არ გაუქმდება, ეროვნულ ვალუტის მიმართ დოლარის კურსი, რომელიც უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული 130 ათასი რუსის წყალობით, 1$ 3,30-დან 2,55 ლარამდე (ათი წლის წინანდელი კურსი!) დაეცა, ისევ მოიმატებს - ზემო ლარსის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რუსთაველის გამზირზე რუსოფობიის მოზღვავებით შეშინებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ავტოტრანსპორტის უზარმაზარი რიგები დადგა საქართველოდან გასასვლელად.

მაგრამ იმის დამტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ არის რუსი, როგორც მას უცხოელი აგენტები, რადიკალი ოპოზიციონერები, საქართველოს პრეზიდენტი და დასავლელი პარტნიორები ეძახიან, მაინც არ გამოვიდა. ხელისუფლებას არ მოასვენებენ - პირველი გამარჯვებით მთვრალი "სამოქალაქო სექტორი", რომელთა შორის, სავარაუდოდ, დასავლური სპეცსამსახურების მიერ გაწვრთნილი საქართველოს მომავალი ლიდერები არიან, დასავლეთის მატერიალური და მორალური მხარდაჭერით განაგრძობს პერმანენტულ ქმედებებს, ან სანამ თვითონ ხელისოფლება არ გადადგება და გზას დაუთმობს კოალიციურ მთავრობას, რომელშიც ოპოზიციასთან ერთად შევლენ „სამოქალაქო სექტორის“, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხოეთის აგენტებიდან. გაძლებს 2024 წლამდე თუ გამოაცხადებს რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში - ეს ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული - ამ ის გაბედული და სამართლიანი იქნება, ან „ოცნებას“ დავემშვიდობებით...

ბედის ირონია: ქართულ ოცნებას ძალიან ეშინოდა, რომ პრორუსულობაში დაადანაშაულებდნენ, ცხვირს უბზუებდა თავის ერთგულ ამომრჩეველს - პატრიოტებს, რომლებიც რუსეთთან დიალოგის მომხრენი იყვნენ, ახლა კი თვითონ ქართულ ოცნებას აძევებენ ხელისუფლებიდან პრორუსულის" იარლიყით

გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ საკუთარი თავი და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ჩააგდო სასიკვდილო საფრთხეში, არამედ თავისი ამომრჩევლებიც: როგორც არაერთხელ იყო გამოცხადებული, ქართული ლეგიონი და უკრაინული დესანტი მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად, რათა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გაუსწორდნენ მათ, ვინც არ ეთანხმებათ! ასე რომ, კარგად დააკვირდით - ვინ დგას რუსთაველზე მოწყობილ სცენაზე, ესენი არიან უკრაინელი ნეონაცისტების ძმები - საქართველოს მომავალი ხელისუფლება! ამჟამინდელმა კი უახლესი ისტორიის არც ერთი გაკვეთილი არ გაითვალისწინა...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმისმთავარი რედაქტორი

2023 წლის 10 მარტი
საქართველო, თბილისი