პუბლიკაციები
საზოგადოებრივი კონფერენცია „სიმართლე და სიცრუე 1941 წლის 22 ივნისის შესახებ“

konferencia-vet2

25 ივნისს სასტუმრო „BETSY’S HOTEL“-ში დიდი სამამულო ომის დაწყების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა თემაზე „სიმართლე და სიცრუე 1941 წლის 22 ივნისის შესახებ“. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობისა“ და ევრაზიის ინსტიტუტის ომის ვეტერანთა რესპუბლიკური საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამამულო ომის ვეტერანები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელმა ტარიელ გაგნიძემ საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს რეალური ინფორმაცია დიდი სამამულო ომის შესახებ.

ამჯერად კი კონფერენციაზე მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

– ომისშემდგომი ვითარება ევროპაში; ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის როლი ჩეხოსლოვაკიის დანაწევრებაში; ჰიტლერის მიერ ევროპის დაპყრობა; სსრ კავშირის მცდელობა დასავლეთის ქვეყნების ანტიჰიტლერული კავშირის შექმნაში დაყოლიებაზე; დასავლეთის ქვეყნების როლი სსრ კავშირზე თავდასასხმელად ჰიტლერის წაქეზებაში; სსრ კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის შეთანხმების დადებითი როლი; სსრ კავშირის მზადყოფნა აგრესიის მოსაგერიებლად; ომის საწყის ეტაპზე წარუმატებლობის მიზეზები;

– საქართველოს მოსახლეობის რეაქცია ომის გამოცხადებაზე; ომში გაწვევა და მოხალისეთა მოძრაობა; მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი საზოგადოებაში;

– საქართველოსა და ქართველი ხალხის ბედი ჰიტლერის დაპყრობილი ტერიტორიების მოწყობის გეგმებში;

– დიდი სამამულო ომის მიზეზები და შედეგები თანამედროვე სახელმწიფოებრივ საინფორმაციო პოლიტიკაში;

– ომის ისტორიის ფალსიფიკაცია ანტიჰიტლერული კოალიციის წევრების – დასავლეთის ქვეყნების, სასარგებლოდ;

– საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი დამოკიდებულება ომისა და დაღუპული თანამემამულეების ხსოვნისადმი.

ვეტერანთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე ელვერ კუპატაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს ვეტერანების მიმართ არაერთგზის გამოხატული ყურადღების გამო და თავის გამოსვლაში ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე.

„დიდი სამამულო ომის თემა აქტუალურია ყველა თაობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ან უმალავენ, ან სრულიად დამახინჯებული სახით განუმარტავენ მეორე მსოფლიო ომის ისტორიულ მნიშვნელობას. ძველი აღმოსავლური სიბრძნეა – „შენი წარსული თუ არ იცი, მომავალს ვერ შექმნი“. ქართულ სინამდვილეში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, სწორედ მსგავს ქმედებასთან გვაქვს საქმე. სწორედ ამაშია ჩვენი უბედურება, რომ ახალგაზრდებს უმალავენ საკუთარ წარსულს, რათა წაართვან მომავალი. ამ ღონისძიების მიზანია, ერთი მხრივ, ამ სამწუხარო თარიღის გახსენება, მეორე მხრივ, იმ ისტორიული პერიპეტიების ერთგვარი შეფასება,რაც ამ თარიღთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ამ პროცესების გავლენა საქართველოზე. მეორე მსოფლიო ომი საქართველოს ისტორიის ნაწილია და მსგავსი კონფერენციები პერიოდულად გაიმართება“, – აღნიშნა საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისხელმძღვანელმა, სამართალმცოდნე ტარიელ გაგნიძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას: „ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების ყველაზე მწარე მაგალითია ქუთაისის მემორიალის აფეთქება,რომელსაც ადამიანების სიცოცხლეც კი შეეწირა; გააფთრებული ბრძოლა ყოველგვარ სიმბოლიკასთან, რაც დიდ სამამულო ომში ქართველების მონაწილეობასთან არის დაკავშირებული; ვეტერანების პირდაპირი თუ ირიბი შეურაცხყოფა... აბა, სხვა რა არის ჰიტლერისა და სტალინის, ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის გაიგივებაზე საუბარი?! ამით ვეტერანებს ეუბნებიან, რომ მათი ბრძოლა და თავგანწირვა არანაირ ღირებულებას არ ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ფაშიზმს აკრიტიკებენ, უარყოფით მოვლენად აფასებენ, მათ ომის სიმბოლოები და სასაფლაოები არ წაუბილწავთ, მხოლოდ ნაცისტური ნიშნები მოაცილეს და ინახავენ, უვლიან როგორც ისტორიის ნაწილს“.

კონფერენციაზე, აგრეთვე, გამოვიდნენ:

ელვერ კუპატაძე: „დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლებში ამ მეტად აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი კონფერენცია არ გამართულა. მიზანმიმართულად ხდება დიდი სამამულო ომის მნიშვნელობის მიჩუმათება და დაკნინება. ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მაგრამ ამჯერად მინდა, ყურადღება შევაჩერო იმაზე, იყო თუ არა ეს დიდი სამამულო ომი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში ჩვენი კვლევითი საქმიანობის დროს ნაშრომი არ გამოქვეყნდებოდა, თუ მასში ნახსენები იქნებოდა დიდი სამამულო ომი და არა მეორე მსოფლიო ომი. ვეტერანებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ ომში მიღებული მედლებით, აბუჩად იგდებდნენ. მოგვიანებით, ჩვენდა საბედნიეროდ, ეს დამოკიდებულება შეიცვალა. მაგრამ დღეს მაინც არ ფასდება მათი დამსახურება ისე, როგორც ეკუთვნით“.

ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორისგულბაათ რცხილაძის, განცხადებით კი, დებატები იმის შესახებ, იყო თუ არა ეს დიდი სამამულო ომი, აბსურდია; მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, დააკნინოს მისი მნიშვნელობა, შენარჩუნებულ იქნეს აკადემიური სიმშვიდე. „ხელისუფლება ძალიან ჭკვიანურად ცდილობს იმ ფასეულობების დემონტაჟს, რაც დაკავშირებულია დიდ სამამულო ომთან. ერთი მხრივ, სამთავრობო დონეზე პომპეზურად ულოცავენ ვეტერანებს გამარჯვების დღესასწაულს, მეორე მხრივ კი, აფეთქებენ დიდების მემორიალს. ასეთი ქმედებით ხელისუფლება ცდილობს, ეს იქცეს ერთი თაობის – ვეტერანების ზეიმად. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, ვეტერანების ზეიმია, მაგრამ ხალხი იბრძოდა მომავალი თაობებისთვის და ამიტომ ეს ყველა თაობისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს“.

კონფერენციის მსვლელობისას მიიღეს და წაიკითხეს არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისერთ-ერთი აქტიური წევრის, საქართველოს ნაციონალურ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას დეპეშა. ალექსანდრე ჭაჭია მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, აღნიშნა კონფერენციის მსვლელობისას განხილული თემების უდავო აქტუალობა და დიდი სამამულო ომის მონაწილეებს ჯანმრთელობა უსურვა. 

გამოსვლები გაგრძელდა.

ვახტანგ ჯაფარიძე, ვეტერანი: „ამ დღეებში წილად გვხვდა ბედნიერება და რამდენიმე ვეტერანმა მოვახერხეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს შეხვედრა უშედეგო იქნებოდა, რადგან ჩვენ ვეჯავრებით პრეზიდენტს. სხვა რა უნდა ვიფიქროთ ქუთაისის მემორიალის აფეთქების შემდეგ? დავით ბაქრაძე დაგვპირდა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც შეეცდება, ვეტერანების მდგომარეობა ცოტაოდენ შეამსუბუქოს. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ არ ვიცი. დიდი იმედი არც მაქვს. მე ამ ხელისუფლების ხელში მომავალი თაობა მეცოდება, თორემ ჩვენ ძალიან მალე წავალთ და ჩვენც დავისვენებთ და ხელისუფლებაც დაისვენებს ჩვენგან“.

შოთა ბუაძე, ვეტერანი, ვეტერანთა რესპუბლიკური საბჭოს წევრი: „დიდი მადლობა „ისტორიულ მემკვიდრეობას“, რომლის დამსახურებაცაა, რომ გახლდით ტუაფსეს კონფერენციაზე, სადაც ყველა ქვეყანა საუბრობდა საკუთარი ქვეყნის დამსახურებაზე დიდ სამამულო ომში. არავის უხსენებია სტალინი. ალექსანდრე ჭაჭიამ დასვა ძალიან მარტივი შეკითხვა – „კი, მაგრამ, ამ ომს სარდალი არ ჰყავდა?“

ხდება ისტორიის გაუკუღმართება, მაშინ, როცა ჯერ კიდევ შემოვრჩით იმ ომის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი სამშობლოსთვის, ოღონდ ასეთი საქართველოსთვის არ გვიბრძოლია; საქართველოსთვის, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა და სადაც ხალხს აღარ დაედგომება. არ შეიძლება ვისაუბროთ დიდ სამამულო ომზე და არ ვახსენოთ სტალინი“.

ამის შემდეგ ვეტერანებმა შესთავაზეს უმაღლესი მთავარსარდლისიოსებ ბესარიონის ძე სტალინის სადღეგრძელო, რომელიც კონფერენციის ყველა მონაწილემ ფეხზე ადგომით შესვა. 

შემდგომ ახალგაზრდა თაობის სახელით კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ზაალ ლაღოდაშვილი: „ღვთის წყალობით, ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. მე მახსოვს ბაბუაჩემის სიტყვები: „მე ვიბრძოდი ჩემი სამშობლოსთვის, ოჯახისთვის, შვილებისთვის“... მე იმ ახალგაზრდების სახელით, რომლებმაც შეინარჩუნეს საღი აზროვნება, მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თქვენი დამსახურებისთვის. ხელისუფლების სირცხვილია, რომ ვეტერანები დღეს ასე დამცირებულად გრძნობენ თავს“.

როლანდ ჯალაღონია, ყოველკვირეული გაზეთიილორისმთავარი რედაქტორი: „მამაჩემი ომიდან აღარ დაბრუნებულა. დედაჩემი იღებდა ფულად დახმარებას, მაგრამ ამას მისთვის მატერიალურზე მეტად სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მისთვის მამაჩემის სიცოცხლეს ნიშნავდა. ასე იყო, ალბათ, ომის ყველა მონაწილის ოჯახში. ახლა კი ესეც მოუსპეს და საბოლოოდ ჩასცეს მახვილი გულში ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის დიდების მემორიალის აფეთქებით“.

ირაკლი თოდუა, ყოველკვირეული გაზეთისაქართველო და მსოფლიოს მთავარი რედაქტორი: „არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ევროპას ჰიტლერის რეჟიმის მიმართ იმთავითვე კონფორმისტული დამოკიდებულება ჰქონდა. ღიად თუ ნახევრადფაშისტურ ზოგიერთ ევროპულ ხელისუფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ისიც საკმარისია, რომ თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში ვერმახტის ჯარისკაცები ლამის მარშით შევიდნენ. ომის დაწყებამდე საბჭოთა კავშირს ჰქონდა არაერთი მცდელობა, შეეჩერებინა ბერლინის ამბიციები, მაგრამ მაშინ ევროპული და ანგლოამერიკული საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ანტიგერმანული კოალიციის შექმნას. პოლონელებიც კი, რომლებიც ცნობილი არიან სენტიმენტალური წუწუნით რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტზე, ყოველთვის გვერდს უვლიან იმ გარემოებას, რომ ჩეხოსლოვაკიის მიტაცება მათ შიკლგრუბერთან ერთად განახორციელეს...

ასევე, ცნობილია, თუ რა ბედი ელოდა ევროპასა და მის მოსახლეობას, მესამე რაიხი საბჭოთა კავშირის სახით გადაულახავ წინააღმდეგობას რომ არ წასწყდომოდა და საკუთარი გეგმების რეალიზაცია მოეხერხებინა. ამ ფონზე ევროპის ახირება, რომ ფაშიზმი და საბჭოთა კავშირი, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, თანაზომად ბოროტებად წარმოაჩინოს, მსუბუქად რომ ვთქვათ, უზნეობა და ისტორიული უმადურობაა, თუმცა ამ მოვლენას გაცილებით მძიმე მოტივაცია აქვს, ვიდრე, უბრალოდ, უმადურობა. საქმე გვაქვს არა მარტო კონკრეტული ისტორიული ფაქტების გაყალბებასთან, არამედ კონკრეტული ისტორიული პროცესის, ისტორიული წინაპირობების უტიფარ შეცვლასა და ფალსიფიკაციასთან.

დღეს რიგი ევროპული სახელმწიფოების მმართველი წრეები შავის თეთრად წარმოჩენას, ზნეობრივ კოორდინატთა შეცვლას და ვითარების ისე დახატვას ცდილობენ, თითქოს ერთადერთი ნათელი წერტილი ზემოხსენებულ მოვლენებში იყვენ „დასავლეთელი მოკავშირეები“, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვნენ ვერმახტთან ბრძოლაში, რაც საბჭოთა კავშირის გამარჯვება გარდაუვალი გახდა. ეს ზნეობისა და ისტორიული მეხსიერების დეფიციტის მაჩვენებელია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ამ „რიგი ევროპული“ ქვეყნების ეკონომიკა, ინდუსტრია გერმანული სამხედრო მანქანის გაძლიერებაზე მუშაობდა და ხშირად ფიანდაზად ეგებოდა მიხაკისფერ ჭირს, ოღონდ კი თავი კომფორტულად ეგრძნო. ასეთი მეტამორფოზა გასაკვირი სულაც არ არის. გასაკვირი ისაა, თუ რატომ ერთვება ამ პროცესში ასე აქტიურად ქართული ოფიციოზი; რატომ ამტკიცებს ქართული „აგიტპროპი“, რომ 1941-45 წლების სამამულო ომი „ჩვენი ომი“ არ იყო, ხოლო ავღანეთში ომი, სადაც ახლო მომავალში კონტინგენტი უნდა გავზარდოთ, ჩვენი ომია... რაც მთავარია, გაუგებარია, რატომ იხარჯება საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონები იმ აგიტაცია-პროპაგანდისათვის, რომლის მიზანი რეალური ისტორიული ფაქტების, ისტორიულ წინაპირობათა დამახინჯება და ფალსიფიკაციაა, მაშინ, როდესაც ამ თანხების მეათედითაც კი შესაძლებელი იქნებოდა იმ ვეტერანების, საქართველოს კონკრეტული მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარება, ვინც მართალი საქმისათვის იბრძოლა და გაიმარჯვა!“

 

კონფერენციის შედეგების მიხედვით მონაწილეებმა მიიღეს შემდეგი დასკვნითი განცხადება:

საზოგადოებრივი კონფერენციის „სიმართლე და სიცრუე 1941 წლის 22 ივნისის შესახებ“  

მონაწილეთა დასკვნითი განცხადება

1941 წლის 22 ივნისი პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხთა ისტორიაში ჩვენი წინაპრების სიმამაცითა და გმირობით გამსჭვალული დიადი ტრაგიკული თარიღია. 70 წლის წინათ ჩვენი მამა-პაპათა მშვიდობიანი და აღმშენებლობითი ცხოვრება არნახულად სასტიკი ფაშისტური ურდოების ვერაგულმა შემოსევამ დაარღვია, რომლებიც ესწრაფოდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირის დანაწევრებასა და ოკუპაციას, არამედ მისი მოსახლე „არაარიელი“, „არასრულფასოვანი“ ხალხების დამონებასა და ფიზიკურად განადგურებას. ჩვენი წინაპრების გმირულ ბრძოლას დამპყრობთაგან სამშობლოს გასათავისუფლებლად, მომავალი თაობების სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის ბადალი არ მოეპოვება მსოფლიო ისტორიაში და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში მცხოვრები ყველა წესიერი ადამიანის კანონიერი სიამაყის საგანია.

ამავე დროს, ბოლო წლებში ჩვენ მოწმენი შევიქენით დიდი სამამულო ომის დასაწყისისა და მსვლელობის რეალური ისტორიული ფაქტების უტიფრად გაყალბების, დამახინჯებისა და ლაფში ამოსვრის მცდელობებისა. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებსა და მათ საზღვრებს მიღმა მოკალათებული გარკვეული ძალების ეს მცდელობანი მძლავრ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ კამპანიად გარდაიქმნა და მიმართულია იქით, რომ სსრკ გერმანიის ტოლფასოვან აგრესორად დაგვიხატოს, გაათანაბროს კომუნიზმი და ფაშიზმი, სტალინი და ჰიტლერი როგორც მსოფლიო ბატონობისათვის მებრძოლი ერთმანეთის ბადალი ორი დიქტატორი და ამით წარმოაჩინოს დასავლეთი, აშშ მსოფლიოს მხსნელ ერთადერთ „კეთილ ძალად“, რომელმაც ორივე ტირანს ბოლო მოუღო. ისტორიის ასეთი ინტერპრეტაცია მდაბალი სიცრუე, უსინდისო ცილისწამება და ჩვენი წინაპრების ხსოვნის შეურაცხყოფაა.

კონფერენციის მონაწილენი აღვნიშნავთ, რომ ომისწინა ევროპაში ბატონობდა არა მარტო ჰიტლერული გერმანიის აგრესიული პოლიტიკა, არამედ წამყვანი ევროპული სახელმწიფოების წამქეზებლური პოლიტიკაც, რის გამოც ჰიტლერმა ჯერ ავსტრია დაიპყრო, შემდეგ კი პოლონეთის მონდომებული მონაწილეობით გაანადგურა ჩეხოსლოვაკია. საბჭოთა კავშირის დაჟინებულ და თანმიმდევრულ მცდელობებს ანტიჰიტლერული კოალიციის შესაქმნელად წინ ეღობებოდა ინგლისისა და საფრანგეთის ხელისშემშლელი დიპლომატიური ხრიკები და პოლონეთის კატეგორიულ უარი. უნდა აღინიშნოს, რომ 1930-იანი წლების ბოლოს თითქმის მთელი ევროპა ფაშიზმით იყო დაავადებული და იმყოფებოდა ფაშისტური ან ნახევრად ფაშისტური რეჟიმების ქვეშ (გერმანია, იტალია, ესპანეთი, რუმინეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, ნორვეგია), მძლავრი ფაშისტური „მეხუთე კოლონები“ იყვნენ საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, დანიაში, ბულგარეთში, უნგრეთში. ამან ჰიტლერს საშუალება მისცა, მოკლე ხანში თითქმის უბრძოლველად დაეპყრო ეს ქვეყნები. 1941 წლის ივნისში ჩვენს მამა-პაპებს ბრძოლა მოუწიათ არა მარტო ფაშისტური გერმანიის არმიასთან, არამედ მთელი ევროპის კონსოლიდირებულ ადამიანურ რესურსთან და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალთან.

და მხოლოდ 1944 წელს, როცა ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო,   აშშ-მა და ინგლისმა გახსნეს მეორე ფრონტი და ჩაებნენ გერმანიასთან ომში.

ქართველი ხალხი, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ხალხები, არ შეუშინდა უცხო დამპყრობთა არნახულად მრისხანე ძალას. ომის პირველივე დღეებიდან ათეულობით ათასმა მოხალისემ მიაშურა ფრონტს საქართველოს ქალაქებიდან და სოფლებიდან. 3-მილიონიანმა საქართველომ 700 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა ომში. 350 ათასი ბრძოლის ველიდან აღარ დაბრუნებულა. ყველა შეგნებულ ქართველს ეამაყება, რომ დიდ სამამულო ომში უმაღლესი მთავარსარდალიცა და ჯარისკაციც, რომელმაც რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა, პატარა საქართველოს შვილები იყვნენ. დიდი სამამულო ომის მებრძოლების გმირობისა და მამაცობის მაგალითებზე აღიზარდა ქართველთა არაერთი თაობა. არ არსებობს ოჯახი, რომელიც დღემდე მადლიერებით არ იხსენებდეს მამა-პაპებს, რომლებმაც მტერს მშობლიური მიწა არ გაათელვინეს.

და მით უფრო შეურაცხმყოფელია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ერის ღირსების დამამცირებელი, აგდებული დამოკიდებულება დიდ სამამულო ომში მებრძოლთა გმირობისა და დაღუპულთა ხსოვნის მიმართ. ბრძოლის ველზე დაცემულთა უკვდავსაყოფად აღმართული ძეგლების ნგრევა, ი. სტალინის ძეგლების ქურდულად გაქრობა, განვლილი ისტორიული პერიოდის მიღწევების ხელაღებით უარყოფა, ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვებაში სსრ კავშირის გადამწყვეტი როლის მიჩქმალვა ჩვენი წარსულის განქიქებას ემსახურება, სახელს უტეხს უფროს თაობას, სპობს მემკვიდრეობითობას თაობათა შორის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვით ქართველი ერის გადარჩენა-შენარჩუნების საკითხს. ჩვენს ვეტერანებს ასეთი საქართველოსთ ვის არ უბრძოლიათ.

მეორე მსოფლიო ომის საკითხებში საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საინფორმაციო პოლიტიკა ისტორიის ფალსიფიკაციის, მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის, საბჭოთა პერიოდის დისკრედიტაციის, ჩვენი წინა თაობების პატივისა და ღირსების დამცირების საერთაშორისო კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

ჰოლივუდური ფილმებით, მოსყიდული ცრუისტორიკოსებისა და ყველა ჯურის სატელევიზიო მოღვაწის „აღმოჩენებით“ შეზავებული ომის ისტორიის დასავლური ვერსია, რომელიც ანგლოამერიკელებს „ფაშიზმისგან მსოფლიოს მხსნელებად“ წარმოაჩენს, ნებისმიერი განათლებული ადამიანის სამართლიან გულისწყრომას იწვევს, ვინაიდან გვახსოვს, რომ ყოველი ათი განადგურებული დივიზიიდან რვა გერმანელებმა სწორედ აღმოსავლეთის ფრონტზე დაკარგეს.

კონფერენციის მონაწილენი კატეგორიულად ვგმობთ ისტორიული მოვლენების უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ ფალსიფიკაციას და მოვუწოდებთ ყველა წესიერ ადამიანს, პატრიოტებს, უერთგულონ წინაპართა ნათელ ხსოვნას, რომლებმაც სისხლისმღვრელ ომში დაიცვეს ჩვენი სიცოცხლე და მომავალი.

 

თბილისი, 25 ივნისი, 2011 წელი