პოლიტიკა
„გრუზიას“ ნაცვლად „ჯორჯია“

kalandadze24საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ გაითვალისწინა ოფიციალური თბილისის თხოვნა, საქართველო მოიხსენიოს როგორც „ჯორჯია“ და არა როგორც „გრუზია“.

„ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი რიგი, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერი მეგობარი სახელმწიფოები, ამას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ, – განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კალანდაძემ. – თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს გარკვეულ ტექნიკურ თუ ფინანსურ საშუალებებთან არის დაკავშირებული“.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ოფიციალური წერილებით მიმართა იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ მოიხსენიებენ „გრუზიად“, რათა „შეცვლილ იქნეს საქართველოს სახელწოდება და ოფიციალურად აღიარებული იქნეს, ასე ვთქვათ, ინგლისური სახელწოდება „ჯორჯია“.

საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, სულ ცოტა, თხუთმეტ სახელმწიფოსთან მოუწევს, რომელთა სალაპარაკო ენებშიც საქართველო როგორც „გრუზია“ ან მასთან მიახლოებულად გამოითქმის. ესენია: ბულგარეთი, ბელარუსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სერბეთი, უნგრეთი, ჩინეთი, ხორვატია, მაკედონია, უკრაინა.