აქტუალური
ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი, რომელიც საქართველოში რევოლუციის, არეულობის გამოწვევის მცდელობებს აფინანსებს

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. საბოლოო ჯამში მთავარი არის ვინ ჩადებს ფულს - რა თქმა უნდა ტელევიზიის თანამშრომლები ფულს არ ჩადებენ, ყოველწლიურად ამ ტელევიზიაში სისხლიან ფულს კვლავაც კეზერაშვილი ჩადებს, ამიტომ ასეთი გადათამაშებით ვერავის მოატყუებენ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დავით კეზერაშვილის განცხადებას, რომ ის უარს ამბობს ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას განაცხადა, „ფორმულასთან“ ნებისმიერი ტიპის კავშირი ნიშნავს გარკვეულ კომპრომისს მორალთან, რადგან ეს ტელევიზია სისხლიანი ფულით ფინანსდება.

ინტელექტი რომ არ აქვთ ამ ადამიანებს, ეს ყველაფრიდან ჩანს. რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მთავარია, ვინ აფინანსებს უწყვეტ რეჟიმში ამა თუ იმ ტელევიზიას. ყველამ ვიცით, რომ „ფორმულა“ საკუთარი სახსრებით ვერ არსებობს, მათ აქვთ მიზერული სარეკლამო შემოსავლები გამომდინარე იქიდან, რომ არის 1%-იანი ტელევიზია, შესაბამისად, მათ სჭირდებათ მუდმივი სუბსიდირება, მრავალმილიონიანი სუბსიდირება ყოველწლიურად. საბოლოო ჯამში მთავარი არის ვინ ჩადებს ფულს - რა თქმა უნდა ტელევიზიის თანამშრომლები ფულს არ ჩადებენ, ყოველწლიურად ამ ტელევიზიაში სისხლიან ფულს კვალვაც კეზერაშვილი ჩადებს, ამიტომ ასეთი გადათამაშებით ვერავის მოატყუებენ. ფორმულასთან ნებისმიერი ტიპის კავშირი ნიშნავს გარკვეულ კომპრომისს მორალთან, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც იღებს ფულს ხელფასის სახით თუ რაიმე სხვა ფორმით, მიდის მორალურ კომპრომისზე, რადგან ეს არის სისხლიანი ფული. ეს არის ფული, რომელიც არის ნაშოვნი ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის ხარჯზე, ბიზნესის რეკეტიდან, პენსიონერების ძარცვიდან, ჯარის ძარცვიდან.

სინამდვილეში არავინ ეკითხება კეზერაშვილს პოლიტიკაში დარჩენა-არ დარჩენას, ის იღებს თავისუფალი მიმოსვლის გარანტიას, სწორედ იმის სანაცვლოდ, რომ აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, მისთვის ეს იძულებაც არის, არავითარი სვლა არ აქვს. ის არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, გლობალური ომის პარტიის აგენტი, რომელიც აფინანსებენ საქართველოში ქაოსს, არეულობას, ამის მცდელობას. ეს არის მთავარი მისი მოტივაცია, რატომაც ის რჩება ქართულ პოლიტიკაში, მას აიძულებენ დააფინანსოს რევოლუციის მცდელობა, ქაოსის გამოწვევის მცდელობა და მას ამ კუთხით არჩევანიც არ აქვს სინამდვილეში. ზოგადად გლობალურ ომის პარტიაში ინტერესი იმისა, რომ კეზერაშვილმა განაგრძოს რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება, დიდია, თუმცა, თუ ნახავენ სხვა წყაროს დაფინანსებისთვის, რა თქმა უნდა კეზერაშვილსაც მარტივად გაწირავენ“, - განაცხადა კობახიძემ.