აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ჩემს თავისუფლებისმოყვარე ერს სჯერა ევროპის, დროა, ევროპასაც სჯეროდეს ჩვენი

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. მე მჯერა ევროპის, ჩემს თავისუფლებისმოყვარე ერს ასევე სჯერა ევროპის, დროა, ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავისა და სჯეროდეს ჩვენი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრაღაში, ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ კრიზისულ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება, ევროკავშირს აქვს საუკეთესო დრო იმ როლისა და ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც ის შეიქმნა: მდგრადი რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის შექმნისა და განმტკიცებისთვის.

ევროკავშირს შეუძლია, დაიბრუნოს თავისი „რბილი ძალა“ სიმართლისა და მორალურობის მხარეს დგომით და იმ ღირებულებების განმტკიცებით, რომლებსაც განასახიერებს ეს ორგანიზაცია. მჯერა, რომ ამისთვის სამი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი, ევროკავშირმა, როგორც თავად დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საყოველთაოდ ცნობილმა დამცველმა, უნდა ითანამშრომლოს სხვა დემოკრატიებთან. ევროკავშირს ბევრი რამ აქვს გასაზიარებელი – ევროკავშირის დამფუძნებელი მამების მიერ მის საძირკველში ჩადებული დემოკრატიული ღირებულებები; ის სიკეთეები, რომლითაც მისი მოქალაქეები სარგებლობენ და რაც ევროკავშირს მსოფლიო დონეზე ასე მიმზიდველს ხდის; და თავისუფლებისა და მშვიდობის სივრცე. სხვა პარტნიორ დემოკრატიებს ასევე ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი, მათ შორის, საქართველოს, რომელიც თავისუფლებისა და მშვიდობის, ევროპის იდენტობის სადარაჯოზე მდგომი ერთგული ოპტიმისტია; რომლის მრავალსაუკუნოვან კულტურას შეუძლია ევროპის გამდიდრება, რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობისა და დემოკრატიზაციის ღირებული გამოცდილება აქვს; მეორე, ევროპის სიძლიერე სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებებიდან უნდა მომდინარეობდეს. დეზინფორმაციასთან დეზინფორმაციით ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული. ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდებოდა ნამდვილ პროგრესულ ღირებულებებთან და თითქმის მეცნიერულ დონეზე დაფუძნებულ განვითარებასა და კეთილდღეობასთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია. დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამიში ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომლებიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა აძლიერებს დემოკრატიას, აღქმებზე დაფუძნებული კი ასუსტებს მას.

საზოგადოების ნდობის შენარჩუნება თუ გვსურს, ჩვენმა დემოკრატიული მმართველობის ინსტიტუტებმა გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა უნდა გამოიყენონ; მესამე, ევროკავშირში წევრობის დაპირება განმტკიცებული უნდა იყოს მისი ინსტიტუტების თანმიმდევრული მიდგომით, რომელშიც ნაკლებად იქნება სუბიექტური და პარტიული ინტერესები. წევრობის დაპირება საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. წარმატებით ვნერგავთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. ამჟამად რაც გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით. ძვირფასო მეგობრებო, მე მჯერა ევროპის. ჩემს თავისუფლებისმოყვარე ერს ასევე სჯერა ევროპის. დროა, ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავის და სჯეროდეს ჩვენი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.