უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, სატელევიზიო გამოსვლა დროებით შეეწყვიტა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, სატელევიზიო ეთერში გამოსვლა დროებით შეეწყვიტა. როგორც თურქული მედია წერს, ერდოღანს სამი წინასაარჩევნო გამოსვლის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუ ჰქონდა დაგეგმილი.

გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკის გამო მისი ინტერვიუ 1,5 საათის დაგვიანებით დაიწყო და მოულოდნელად შეწყდა.

სატელევიზიო ეთერი ათ წუთში განახლდა, ერდოღანმა ბოდიში მოუხადა მაყურებელს და განმარტა, რომ შეუძლოდ გახდა. მისივე თქმით, ბოლო ორ დღეში მას ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა და პრობლემები შეექმნა.

ამის შემდეგ ერდოღანმა რამდენიმე შეკითხვას კიდევ უპასუხა და ინტერვიუ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.

1tv.ge