აქტუალური
კაცს, რომელმაც პრემიერის მამის სახლის ღობეს სატვირთო ავტომობილი დააჯახა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დედოფლისწყაროელ 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს. მას სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავება: ნივთის დაზიანება ან განადგურება და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 23 აპრილს გიორგი გოჩიტაშვილმა დედოფლისწყაროში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მამის საცხოვრებელი სახლის ღობეს სატვირთო ავტომანქანა დააჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გოჩიტაშვილი დედოფლისწყაროდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე, ლილოს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს.

„მოქალაქე გოჩიტაშვილი, რომელიც არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს და საფრთხეს უქმნიდა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, სხვადასხვა დროს არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებას, რომ გაეჩერებინა ავტომობილი. მან ასევე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დააზიანა სამართალდამცველების ავტომანქანებიც”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გოჩიტაშვილს მომხდარის მიზეზი არ განუმარტავს, მან სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა დაამატა: „მე ვთვლი, რომ რაც გავაკეთე, სწორად გვაკეთე. მე არ ვარ არც გამქცევი და არც ახალი დანაშაულის ჩამდენი, მე ჩემი საქმე გავაკეთე და გამოვაფხიზლე ეს ხალხი. თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ხალხს და არა კლანს და ღარიბაშვილებს“, - მიმართა გოჩიტაშვილმა მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

საქმის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა: "მათ შორის - სამედიცინო და ქონებრივი ზიანის განსაზღვრის მიზნით. ასევე უნდა დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დასკვნის მიღების შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გაგრძელდება სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის არსებითი განხილვა, თუ შეწყდება დევნა და იძულებით მკურნალობას დაექვემდებარება ეს ადამიანი. დასკვნების მიღების შემდეგ გვექნება სრული სურათი, რა დროსაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. გოჩიტაშვილს ბრალდების მხარე ამ ეტაპზე არ ედავება ბატონი ტარიელ ღარიბაშვილის ჭიშკრის დაზიანების ეპიზოდს, ვინაიდან ექსპერტიზები არის მოსასვლელი“.

დაკავებული გოჩიტაშვილის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი იცავს. ადვოკატი საქმის დეტალებზე არ ლაპარაკობს.

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 20 ივლისს დაინიშნა.