აქტუალური
ირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა მაისში დაგეგმილ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციასთან (CPAC) დაკავშირებით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არის მიწვეული.

ზარქუას თქმით, ქართულ პოლიტიკაში მრავლად არსებობენ ხელმოცარულები, ფსევდოლიბერალები, რომლებმაც ვერ მონახეს თავიანთი ადგილი საზოგადოებაში და შეუძლიათ, მხოლოდ პროვოკაციებით გამოიჩინონ თავი.

ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი, ზოგი იმყოფება ევროპაში, ზოგი – ამერიკის შეერთებულ შტატებში და ა.შ. ვმონაწილეობთ ყველა პლატფორმაზე, რომელიც არის საქართველოს ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი და ჩვენი მხარდამჭერი. მსგავსი იმართება მაისის თვეში, ეს არის კონსერვატიული მოძრაობა, რომელსაც 70-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი აშშ-ში, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, სადაც მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა მაღალჩინოსანი, მათ შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოქმედი პრემიერ-მინისტრები და ა.შ. მათ შორის არიან კონგრესმენები რესპუბლიკური პარტიიდან. რელიგია, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა, ოჯახის სიწმინდე, ტრადიციული ღირებულებები – ამას ეძღვნება კონფერენცია. იქ, სადაც საუბარია ღმერთზე, ადამიანის უფლებებზე, საქართველო ყველგან იქნება და, ბუნებრივია, ჩვენი პრემიერ-მინისტრი მიწვეულია და ამ პლატფორმაზე გამოვა. ჩვენ ბლომად გვყავს პოლიტიკაში ხელმოცარულები, მე დავარქმევდი ფსევდოლიბერალებს, რომლებმაც ვერ მონახეს თავიანთი ადგილი საზოგადოებაში და შეუძლიათ, მხოლოდ ასეთი გამოხდომებით, ლანძღვით, ჩასაფრებით და პროვოკაციებით გამოიჩინონ თავი. გაჩუმდნენ უბრალოდ, ჩუმად იყვნენ თავიანთ სოროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. ჩვენი ინტერესია ევროპა, ევროინტეგრაცია, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება, ჩვენი ინტერესია ჩვენი ღირებულებების, ქართველობის დაცვა, რომელიც დემოკრატიასთან შეთავსებადია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.